ქართული ტექნოლოგიური კომპანია Roamingo, რომელიც მოგზაურებს საერთაშორისო მობილურ ინტერნეტს სთავაზობს, 2026 წელს საერთაშორისო ექსპანსიას გეგმავს.
Roamingo-ს მმართველი პარტნიორი და „ლემონდუსის“ დამფუძნებელი, ლევან კილაძე BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ აღნიშნავს, რომ კომპანია საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, სასტუმროების ქსელებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ Roamingo-ს ინფრასტრუქტურა eSIM ბიზნესისთვის.
კომპანიის სიახლეების ნაწილი უკვე ჩანს მომხმარებლისთვისაც. რამდენიმე დღის წინ აპლიკაციაში დაემატა წამყვანი მუზეუმების ბილეთების შეძენის შესაძლებლობა, თანაც იგივე ან ნაკლებ ფასად. კილაძის თქმით, 2026 წელს უფრო დიდი სიახლეები იგეგმება, თუმცა დეტალებზე კომპანია სამომავლოდ ისაუბრებს. თუმცა კილაძე ამბობს, რომ კომპანიის საბოლოო მიზანი, საერთაშორისო ექსპანსიაა, იდენტიფიცირებული ქვეყნებით, პარტნიორებით და ბაზრებით, სადაც პროდუქტი კარგად განვითარდება.
„2026 წელს გვექნება ამ პროდუქტის [Roamingo] მნიშვნელოვანი საერთაშორისო გაშლა. ველაპარაკებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს, სასტუმროების ქსელებს და ა.შ. რომ მათაც შეუძლიათ შემოვიდნენ eSIM ბიზნესში და გამოიყენონ ის, რაც Roamingo თავისი ინფრასტრუქტურით შექმნა.
რამდენიმე დღის წინ, აპლიკაციაში გავუშვით წამყვანი მუზეუმების ბილეთების შეძენის შესაძლებლობა იგივე ან ნაკლებ ფასად. ამას გარდა, დიდი სიახლე გვექნება 2026 წელს, რაზედაც სამომავლოდ ვისაუბრებთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უკვე საერთაშორისო ექსპანსია იქნება. იდენტიფიცირებული ქვეყნებით, პარტნიორებით და ა.შ., სადაც ჩვენი პროდუქტი კარგად განვითარდება“, - თქვა მან.
მისივე თქმით, eSIM ტექნოლოგია მსოფლიოში სწრაფად ვითარდება, ბევრი ახალი მოთამაშეა ბაზარზე, თუმცა Roamingo კონკურენტებს არა როგორც სირთულეს, არამედ პოტენციურ პარტნიორებს უყურებს: „ის შრომა და ფასი, რაც უკვე გაწეულია, შეგვიძლია გადავიტანოთ ახალ ბრენდებზე. ეს ურთიერთობა ჩვენს კომპანიასაც გააძლიერებს და მათაც ექნებათ საშუალება, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზონ“, – დასძენს კილაძე.
რაც შეეხება კონკურენტულ გარემოს, კილაძე ამბობს, რომ სტანდარტულ ოპერატორებთან კონკურენცია უკვე გადალახეს. „გადავლახეთ ფიჭური ოპერატორების ბაზარი – მათ „გამოიღვიძეს“, თუმცა ჩვენ გვგონია, რომ ეს საქმე უკეთ გამოგვდის. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ კონკრეტულ პრობლემაზე და მის განვითარებაზე. ამის უკან ბევრი რთული ტექნოლოგია და ჩვენი ბრენდი დგას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ვემსახურებით“, – აღნიშნავს მმართველი პარტნიორი.




























