მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობინ დანიგანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

დანიგანი
BM. GE
23.10.23 15:50
36

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის შესრულების პროცესზე, რომელიც ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა. აღინიშნა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებების პოზიტიური დინამიკა, რაც ზრდის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს.

„თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ვართ ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც. თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიზნით გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები