თბილისის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
„საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან მედიასთან თემის კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი ანდა ერევნის გავლით ფრენები, რა პრობლემაა, თუ პირდაპირი ფრენა იქნება ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას ის, თუ საქართველოს მოქალაქე, ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას? ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ატარებს ქვეყნის ინტერესს და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.
„რაც შეეხება დიპლომატებს, ყოველთვის იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე, ვთქვით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესს ვატარებთ. არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის დამაზიანებელი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.