მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა მევენახემ იცის, რომ დაზიანებულ ყურძენსაც გარანტირებულად გაყიდის, ხარისხზე აღარ ფიქრობს- "თბილღვინო"

64be8e730bb14
ანუკა ჯოხაძე
24.07.23 21:07
781
2023 წლის რთველის მიმდინარეობისას რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობით სუბსიდირება განხორციელდება. გასულ წლებში კი სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო.

“სასურველია, რომ ეს სუბსიდირების ბოლო წელი იყოს და შესაბამისად გლეხმაც, მევენახემაც და სახელმწიფომაც გაიაზრონ ეს პასუხისმგებლობა. გლეხმა მოიყვანოს ხარისხიანი ყურძენი.”- ამბობს "თბილღვინოს" დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი. მისი თქმით, მევენახეს, რომელსაც ეუბნებიან რომ სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც ჩაიბარებენ, მას მოტივაცია აღარ აქვს ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს.

“პირველი არის სუბსიდია და მეორე - სახელმწიფო დაზიანებულ ყურძენს ყიდულობს. ეს კარგი სოციალური პასუხისმგებლობაა, მაგრამ მეორე მხრივ მეღვინეობისთვის და ხარისხისთვის არაფერი კარგი არ მოიტანა. ფაქტობრივად, როცა მე ვიცი რომ გარანტირებულად გავყიდი ყურძენს, მათ შორის დაზიანებულს და გაფუჭებულს, დიდი სურვილი და მოტივაცია არ მამოძრავებს, რომ ხარისხიანი ვენახი შევქმნა", - ამბობს მარგველაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე რამდენიმე კვირის წინ აიტვირთა, სადაც საუბარია 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა არის დაგეგმილი, თუმცა რამდენს დაამატებს მთავრობა შესყიდვის ფასს, ჯერ უცნობია. 2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები