ვმუშაობთ, რათა ქართული მეღვინეობა მაღალი კლასის მეღვინეობის თაროზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი - ამის შესახებ „თბილღვინოს“ მმართველმა პარტნიორმა ზურაბ მარგველაშვილმა გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ რუბრიკა TBC&პარტნიორები, კომპანიის ღვინის ექსპორტის გეოგრაფიაზე საუბრისას განაცხადა.
ის ამბობს, რომ კომპანია ახალი ბაზრების ათვისებაზე მუშაობს და ყურადღებას აშშ-ზე, დიდ ბრიტანეთზე, გერმანიაზე, სამხრეთ კორეასა და კანადაზე ამახვილებს.
„თბილღვინო“ 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი, სადაც ჩვენ ქართული მეღვინეობის წარდგენას ვცდილობთ. ჩვენი მომავალი ხედვა ისეთი ბაზრებია, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, სამხრეთ კორეა - ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ, რათა ქართული მეღვინეობა ყველაზე მაღალი კლასის მეღვინეობის თაროზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. დროა, მსოფლიომ საქართველო გაიცნოს არამხოლოდ როგორც ძირძველი მეღვინეობის ქვეყანა, არამედ როგორც დღეს ყველაზე კონკურენტუნარიანი და ძლიერი ღვინის მწარმოებელი - ეს არის ქვევრის ღვინოები, საფერავი, რაც ჩვენ განგვასხვავებს ნებისმიერი ღვინის მწარმოებელი ქვეყნისგან. ჩვენი გუნდის ხედვით ეს არის, ქართული ღვინის ახალი და მომავალი ეტაპი“, - აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა და დასძინა, რომ დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში „თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ღვინის ცნობადობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია 400 ჰა-ზე გაშენებულ ვენახებს მართავს, საიდანაც მოწეულ მოსავალს გადაამუშავებს, ღვინის წარმოებისთვის საჭირო ყურძენს კი სხვა მევენახეებისგანაც იბარებს. წელს კომპანია "თიბისის" 5 მლნ ლარის დაფინანსებით მევენახეებისგან დამატებით 3 000 ტონა ყურძნის შეძენას გეგმავს.
„თბილღვინოს“ მთავარი მეღვინე ზვიად დოლიძე რთველი 2024-ს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ წელს კახეთში ხარისხიანი და ჭარბი მოსავალია.
„მეღვინეებს და მევენახეებს ფართო არჩევანი გვაქვს, რათა მაღალი კატეგორიის ღვინის დასამზადებლად მაღალი კატეგორიის ყურძენი შევარჩიოთ. ამ პროცესში ჩვენთან ერთად ჩართულნი არიან როგორც მეღვინე, ასევე მევენახე კონსულტანტები და მათთან ერთად ვქმნით ღვინოს, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის მომხმარებლისთვისაც.
იქიდან გამომდინარე, რომ ნელ-ნელა ფეხს ვიკიდებთ ევროპის და აზიის ახალ ბაზრებზე, ჩვენთვის საინტერესოა წლევანდელი უხვი მოსავლიდან ისეთი ღვინო შევქმნათ, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე საინტერესო იქნება“, - აღნიშნა „თბილღვინოს“ მეღვინემ.