"არანაირი ეკონომიკური სამხილი არ არსებობს, რომელიც გვაჩვენებს, რომ სუბსიდირება რომელიმე დარგს ავითარებს", - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. მან მთავრობის ინიციატივას, საფერავის ჯიშის ყურძენი დაასუბსიდიროს, წინასაარჩევნო მოსყიდვა უწოდა.
"სუბსიდირება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოსყიდვის მექანიზმია. დარგები ვითარდება, როდესაც მათ საბაზრო პოტენციალი აქვთ და ამ საბაზრო პოტენციალის ქვეშ შეძლებენ კაპიტალის მოზიდვას. გადასახადის გადამხდელებს ფული წავართვა და სუბსიდირებაში დავხარჯო, კაპიტალის ალოკაციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. ამას წინასაარჩევნო მოსყიდვის სუნი ასდის. დიახ, ეს მხოლოდ წელს არ ხდება და მხოლოდ ამ მთავრობის დროს არ ხდება, მაგრამ, რაც არ უნდა ილაპარაკოს პრემიერმა, რომ ამაში რამე დადებითია, ეს ასე არ არის. ჯობს, ბაზარს დავაცადოთ, თავად გადაწყვიტოს, რომელ დარგში რა სახის და ოდენობის კაპიტალი უნდა იყოს მოზიდული", - აღნიშნა მან.
სუბსიდირების პრაქტიკა ქვეყანაში 2008 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. სუბსიდირების სტრუქტურა 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მთავრობა ყურძნის ფასის სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად მან სახელმწიფო საწარმოებს თანხა მაინც გამოუყო. 2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასი არ დაუსუბსიდირებია. 2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო.
" [სუბსიდირების დასასრულებლად] პოლიტიკური ნება არის საჭირო. მესმის, რომ როცა შეწყვეტ ამ პრაქტიკას, მოკლევადიან პოლიტიკურ ზიანს იღებ. აქ დგას პოლიტიკური ნების საკითხი. კარგი მთავრობა და პასუხისმგებლიანი პარლამენტი არის ის, რომელიც ხანდახან, ქვეყნისთვის საჭირო და მოკლე ვადაში მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.