მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როცა სებ-ის მიმართ პრეტენზიები გაქვთ, სავალუტო ინტერვენციების მექანიზმში ელემენტარულად მაინც უნდა გაერკვეთ - გვენეტაძე რაქვიაშვილს

631c2fc68cd2a
BM.GE
09.09.22 22:00
555
საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში წარადგინა და მოხსენების შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის - ალექსანდრე რაქვიაშვილს.

„სატელევიზიო ინტერვიუში, თქვენ, ჩვეული აღშფოთებით აღნიშნეთ, რომ ივლისში ეროვნულმა ბანკმა 110 მილიონი დოლარი გაყიდა და თან ამის შესახებ არაფერი ვიცოდითო. სინამდვილეში, 110 მილიონი კი არ გავყიდეთ, ვიყიდეთ, და როდესაც ეროვნული ბანკის მიმართ პრეტენზიები გაქვთ, ელემენტარულად სავალუტო ინტერვენციების მექანიზმში მაინც უნდა გაერკვეთ, მაგრამ თქვენ არანაირი გამოცდილება ამის არ გაქვთ.

ტყუით, როდესაც ამბობთ, რომ ინფლაცია მხოლოდ საქართველოშია და ის ეროვნული ბანკის და მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია, რადგანაც ინფლაცია დღეს გლობალური პრობლემაა და თქვენ თუ ამის დაჯერება არ გინდათ, თქვენს იდეოლოგიას დააბრალეთ. ამის შემოწმება ძალიან ადვილია.

მინდა ვიფიქრო, რომ შეცდომაა, თუმცა, რამდენად შეიძლება უშვებდეს ასეთ შეცდომას ეკონომისტი, ცალკე საკითხია. დღეს დილით თქვენ ახსენეთ, რომ „ლარის 1991 წელს შემოღების მერე 2021 ყველაზე ცუდი წელი იყო ინფლაციის კუთხითო“. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ლარი, რა თქმა უნდა, 1991 წელს არ შემოღებულა, მეტსაც გეტყვით, არც კუპონი არსებობდა მაშინ - ის მხოლოდ 1993 წელს იყო შემოღებული, თავად ლარი კი, 1995 წლის ოქტომბერში იქნა შემოღებული.

რაც შეეხება რეკორდულ ინფლაციას - 1996 წლის მანძილზე წლიური ინფლაცია გაცილებით უფრო მაღალი იყო, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია კი 1997 წლის სექტემბრამდე უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2021 წელს. თუკი ეს მაგალითი არ დაგაკმაყოფილებთ, იმასაც გეტყვით, რომ 2021 წელს დაფიქსირებულზე უფრო მაღალი წლიური ინფლაცია გვქონდა 2006 წლის ივლისში (14.5%) და 2011 წლის მაისშიც (14.3%) და ამ წლებში საშუალო წლიური ინფლაციაც აღემატებოდა 2021 წლისას. აქვე დავძენ, რომ წლიური ინფლაცია არ არის მხოლოდ დეკემბრის ინფლაცია, ის შეიძლება ნებისმიერ თვეში განსაზღვრო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები