ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მზადაა, უახლოეს მომავალში აიცრას. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას - მინისტრმა ვაქცინაციისგან თავი იმიტომ ხომ არ შეიკავა, რომ „ასტრაზენეკას“ ირგვლივ გარკვეული კითხვებია, ეკატერინე ტიკარაძემ შემდეგი პასუხი გასცა:
„ასე არ არის; ნამდვილად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, მზად ვარ, უახლოეს მომავალში გავიკეთო აცრა, თუმცა საინტერესოა, მაშინ როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომლებზეც ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცის მინისტრმა ან სხვა საჯარო პირმა საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა“.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სპეციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 3500-მდე მედიკოსი, რომელთაგან 500 უკვე აიცრა.
ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვაქცინების მიმართ სანდოობა ეტაპობრივად გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დაიწყო. პირველ რიგში, ქვეყანაში ექიმები აიცრებიან.




























