მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდემდე გაგრძელდება რეზერვების ხარჯვა ლარის კურსის დასაჭერად? - დავითაშვილის პასუხი

ეროვნული ბანკი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ელის, რომ გაურკვევლობა არ გაგრძელდება და შემდეგ პერიოდში ქვეყანაში სტაბილურობა იქნება, მათ შორის ლარის კურსთან მიმართებითაც. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ლარის კურსის დასაჭერად 213 მილიონი დოლარი გაყიდა. Bm.ge დაინტერესდა, როდემდე გაგრძელდება რეზერვების ხარჯვა ეროვნული ვალუტის კურსის დასაჭერად, რაზეც დავითაშვილი ამბობს, რომ სებ-ის პასუხისმგებლიან პოლიტიკას მხარს უჭერს და ინტერვენციები არჩევნებამდე არსებული გაურკვევლობის პირობებში აუცილებელი იყო. დავითაშვილის პროგნოზია, რომ არჩევნების შემდეგ დადებითი ტენდენციები იქნება და კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ გაურკვევლობა არ გაგრძელდება. მე მგონი ძალიან დიდი სიცხადე შემოვიდა არჩევნებით, ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, მოსახლეობამ მისცა მანდატი ხელისუფლებას. არჩევანი გაკეთდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში გვექნება სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ეკონომიკური განვითარების.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიდგომებს, სრულად მინდა მხარი დავუჭირო ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლიან პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილებები იყო აუცილებელი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა იმ პერიოდში, როდესაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად იდგა, იყო წნეხი სწორედ ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის არჩევანის გაკეთებამდე, ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ, ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა. პირიქით, იქნება სიცხადე და დადებითი ტენდენციები. რეზერვის ფუნქცია სწორედ ასეთი როლის შესრულებაა, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ შოკების, გამოწვევების დროს.

ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ მიზეზის მიუხედავად, სწორედ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ რეზერვები, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ. შემდეგ პერიოდში ჩვენ დავინახავთ უკვე წნეხის მოხსნას, ნამდვილად კურსი შეინარჩუნებს იმ სტაბილურ ნიშნულს, რომელიც გააჩნია, რადგან ყველა სხვა პარამეტრი, რაზეც ეროვნული ბანკიც საუბრობდა, არის ჯანსაღი ჩვენს ეკონომიკაში. ჩემი მოლოდინით, წლის ბოლო კვარტალი ერთ-ერთი კარგი იქნება და საბოლოოდ წელს სტაბილურად და მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე დავასრულებთ",- თქვა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები