ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის შემცირების დაღმავალი ტენდენცია ნარჩუნდება სებ-ი ჯერ-ჯერობით ისევ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკა მანამ გაგრძელდება, სანამ სებ-ში ინფლაციის შემცირების მდგრადობაში არ დარწმუნდებიან.
„ინფლაცია გლობალური გამოწვევაა. რამდენიმე მინიშნება არსებობს, რომელიც იმაზე მიგვითითებს, რომ ინფლაცია უნდა შემცირდეს, მაგალითად, გადაზიდვების ფასები მცირდება , გაცვლითი კურსი გამყარებულია და ა.შ. მიუხედავად ამისა არსებობს ფაქტორები, რომელმაც შესაძლებელია მეორე მხრივ იმოქმედოს ინფლაციაზე, ეს არის ძლიერი შიდა მოთხოვნა, რომელიც საქართველოში ერთჯერად ფაქტორებს მოყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის შემცირების დაღმავალი ტენდენცია ნარჩუნდება აუცილებელია მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შევინარჩუნოთ მანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს ტენდენცია არის მდგრადი და ინფლაცია მცირდება“, - ამბობს გვენეტაძე.
საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 30 მარტიდან მოყოლებული 11%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წელს რეფინანსირების განაკვეთი 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო წლიური საშუალო ინფლაცია 5.3%-ზე იქნება.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება 21 დეკემბერს უნდა მიიღოს.