სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სასტუმროების და უძრავი ქონების მიმართულებით, 5-ვარსკვლავიან და პრემიუმ სეგმენტში ხედავს რესურსს, რომ დამატებითი ინვესტიციები ჩაიდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
ხიდურელის თქმით, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების მონაწილეებს, სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს სახელით, წარუდგენს პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ.
“იცით, რომ უძრავი ქონების ტურიზმის ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია, ამ მიმართულებას ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% აქვს, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი დარგია. წლების განმავლობაში თუ შევხედავთ, ეს დარგი იზრდება, იზრდება ასევე ფასებიც, მოთხოვნაც და ზუსტად ამიტომ, ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს ინვესტიციის ნაწილში როგორც უძრავ ქონებაში, ასევე სასტუმროში. განსაკუთრებით გამოვყოფდი 5-ვარსკვლავიან და პრემიუმ სეგმენტს, რადგან ამ ნაწილში მგონია, რომ კიდევ არის რესურსი, რომ ქვეყანაში ჩაიდოს ინვესტიციები. გავაკეთეთ ინვესტიციების გზამკვლევი, რომელიც წარვუდგინეთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მენეჯმენტს და ასევე, მის წევრებს, რომ ისინი დააგზავნონ თავის ქვეყნებში და ინვესტორებს აჩვენონ, თუ როგორი საინტერესო საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ტურიზმის სექტორში ინვესტირების ინტერესი ტრადიციული მიმართულებებიდან არის, როგორებიცაა საამიროები, საუდის არაბეთი.
"ზოგადად, ყურის ქვეყნები არიან ხოლმე ერთ-ერთი მოწინავე, ვინც ამ სექტორში დებენ ფულს, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ვმუშაობთ სხვა მიმართულებებითაც. გვაქვს კონკრეტული საინვესტიციო კატალოგი, სადაც არის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროექტები", - თქვა ხიდურელმა.
BMG-ის კითხვაზე, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როგორია ინვესტორების განწყობები, ხიდურელი ამბობს, რომ დაძაბულობის დროს ინვესტორები სვამენ კითხვებს, რაზეც სწორი მიდგომა ამომწურავი პასუხების გაცემაა.
"ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ინვესტორებთან, მიდის საუბარი, რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც არის ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური, ინვესტორები ამაზე კითხვას სვამენ. ამ დროს, ძალიან სწორია, რომ შენ გასცე ამომწურავი პასუხი, მიაწოდო დეტალური ფაქტები და ინფორმაცია. კითხვებს გვისვამენ, ვცემთ პასუხებს. ყოველთვის ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, ზუსტად ის, რაზეც დღეს პრეზენტაციას ვაკეთებთ, რომ ჩვენ გვიკავია მოწინავე ქვეყნის სტატუსი ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს დაბალი ბიუროკრატია, უცხოური ინვესტიციების ხელშემწყობი გარემო, OECD-ის რანჟირებით მსოფლიოში ვართ მერვე ადგილზე, როგორც ბიზნესისთვის ყველაზე საინტერესო გარემო. ეს არის ზოგადად ჩვენი პასუხი კითხვებზე. 2 მილიარდიანი პორტფელი გვაქვს, აქედან არის 2 ძალიან მსხვილი პროექტი, დანარჩენი პატარა პროექტები. ყველაზე დიდი ნაწილი ამ პროექტებიდან სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის ინდუსტრიაზე მოდის",- თქვა ხიდურელმა
მისივე თქმით, მალე დაანონსდება ახალი პროექტი, რომელიც მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
"ძალიან მალე ალბათ თქვენ გაიგებთ ერთი ძალიან მსხვილი პროექტის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს ბიზნესს განსაკუთრებით ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორში",- თქვა მიხეილ ხიდურელმა.