მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდესაც განიხილებოდა "ნამახვანის" პროექტი, აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო სუსტი - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვერავინ ვეღარ შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში, ნამახვანჰესის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პროექტის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან იყო.

"ყველა ინვესტიციის მიმართ, ზოგადად, აწყობენ ასეთ კამპანიებს. ახლაც ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ზოგადად, ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. მთელი ჩვენი გენერაცია არის სულ 4,800 მეგავატი და გვინდა 10-წლიან პერსპექტივაში ეს გენერაცია გაიზარდოს 11,500 მეგავატამდე, რას ნიშნავს მრავალი ჰესის მშენებლობას, ქარის სადგურის და მზის სადგურის მშენებლობას. მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ პროექტთან დაკავშირებით იქნება ასეთი მცდელობები. თუმცა, როდესაც განიხილებოდა ნამახვანის პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი. დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული. შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო, მაგალითად, წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთ კამპანიებს წარმატების არავითარი რესურსი არა აქვს",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, აბრალებს თუ არა ნამახვანის პროექტის წარუმატებლობას წინამორბედებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კობახიძემ ასე უპასუხა: "რეალობაში მინდა შეგახსენოთ, რა ხდებოდა - იყო მთელი კამპანია, მათ შორის ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული კონკრეტული ენჯეოები, მათ შორის "საია", EMC. კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია. ახლა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ჩართეს, მათ შორის გულწრფელი ადამიანები ამ ღონისძიებებში, თუმცა მთლიანად კამპანია იყო ორკესტრირებული და მათ შორის ეს კამპანია იყო უცხოეთიდან დაფინანსებული, გრანტებით იყო დაფინანსებული და უცხოური აგენტურა იყო პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ერთი მხარე არის უცხოური აგენტურა, რომელიც მაშინ იყო უფრო მეტად ძლიერი და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც შედარებით სუსტი იყო ობიექტური მიზეზების გამო. ეს არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, მათ შორის ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რამაც უზრუნველყო აგენტურის დასუსტება, სახელმწიფოს გაძლიერება და ამ პირობებში სამომავლოდ შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვერავინ ვეღარ შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს კობახიძე.

ENKA-სთან დაკავშირებული კომპენსაციის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 2026 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის აღსრულება დაუშვა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საქართველოს ENKA-სთვის $297 მილიონი ძირითადი კომპენსაციის, $52.4 მილიონამდე საგადასახადო კომპენსაციისა და დამატებითი თანხების გადახდა დაეკისრა. თანხებზე ასევე გათვალისწინებულია SOFR-ს დამატებული 4%-ის ოდენობის პროცენტი. აღნიშნული თანხები 2026 წლის მდგომარეობით დარიცხული პროცენტის ჩათვლით 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ სახელმწიფო კოლუმბიის ოლქის სასამართლოს განაჩენსაც გაასაჩივრებს.

რას შეეხება საარბიტრაჟო დავა?

საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.

ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.

"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.

კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები