"როდესაც ვეძებთ დემოკრატიული უკუსვლის განმარტებას, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში უნდა გავფრინდეთ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა განაცხადა.
დღეს, 25 თებერვალს, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოზე მომზადებული ანგარიში განიხილება.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ძირი გამოუთხაროს საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს. ისინი რუსეთისკენ მიდიან და საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულს ხდიან. ვფიქრობ, ეს მათთვის გეოპოლიტიკურად ძალიან არაშორსმჭვრეტელური სტრატეგიაა, მაგრამ ეს არის საზარელი სტრატეგია მათი ხალხისთვის, რომელთაც ახლა იმაზე ნაკლები თავისუფლება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ.
ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება“ დემონსტრაციებზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდა. ეს უბრალოდ სრულიად მიუღებელია, თუ დადასტურდა ის, რასაც BBC იუწყებოდა, თუმცა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს სიმართლეა.
ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ევროკომისიის ანგარიში აბსოლუტურად მართალია, როცა ამბობს, რომ ეს ალბათ ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატი ქვეყნისთვის, რაც კი გვქონია.
ჩვენი გადმოსახედიდან, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, საით სურს წასვლა. სურთ თუ არა ევროპისკენ სვლა, მაგრამ მაშინ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. თუ სურთ რუსული ორბიტის ნაწილი იყვნენ ამ შემთხვევაში, მათ უბრალოდ უარი უნდა თქვან ნებისმიერ ამბიციაზე და იყვნენ გულწრფელნი საკუთარ მოსახლეობასთან. რადგან ისინი განაგრძობენ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას, ისინი ატყუებენ ყველას.
ერთადერთი რამ, რაც საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ იმედს იძლევა, ქართველი ხალხია. ჩვენ გავაგრძელებთ შესწორებების შეტანას, განსაკუთრებით იმის გასარკვევად, თუ როგორ შეგვიძლია ეფექტიანად დავუწესოთ სანქციები „ქართული ოცნების“ მთავრობას ქართველი მოსახლეობის დაზიანების გარეშე. მაგრამ ჩვენი პოზიცია აქ მკაფიოა: საქართველო ეკუთვნის ევროპას, მაგრამ „ქართული ოცნება“ — არა", - განაცხადა მან საგარეო კომიტეტში გამოსვლისას.




























