მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც ვერ ვენდობით სასამართლო ინსტიტუციას, დეესკალაციისთვის პატიმრების გათავისუფლებას მოვითხოვთ" - რესან ქიქავა

ექსპო

"ცხადია, რომ პოლიტიკური კრიზისი არსებობს: ლეგიტიმაციის პრობლემა კრიზისია, კონსტიტუციიდან რომაა ხელისუფლება გასული - კრიზისია" - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში "ექსპო ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა საუბრობს. BMGTV-ის ეთერში ქიქავა ხსნის, რატომ ითხოვს 2400-მდე ბიზნესი აქციების დროს დაკავებული პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

"კონსტიტუციიდან გასვლა არ მომხდარა მხოლოდ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გასვლა მოხდა იმ მომენტში, როცა დავინახეთ [დაკავებულთა] წამება და ხელისუფლების პასუხი ამ წამებაზე; გადაცდომა შეიძლება, რაღაც კუთხით, ყოველთვის მოხდეს, როცა ცოცხალი პროცესია, მაგრამ როდესაც ხელისუფლება არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს, პასუხისმგებელი პირების მიმართ, ეს არის სისტემური დანაშაული. შენ გასული ხარ კონსტიტუციიდან.

როდესაც ვითხოვთ პატიმრების განთავისუფლებას, როგორც დეესკალაციის გზას, რატომ ვითხოვთ? შეიძლება იქ იყოს ისეთი პირი, ვინც რაღაც დანაშაული ჩაიდინა კიდევ, რაც ბუნებრივია, მაგრამ როდესაც შენ, როგორც ხელისუფალი, კონსტიტუციიდან გადიხარ და ამის საპასუხოდ ხდება რაღაც დანაშაული, აქ მიდგომა უნდა იყოს განსხვავებული.

როდესაც ვიცი, რომ პროკურატურა არ არის თავისუფალი, და ეს გულწრფელად ვიცით ყველამ, ისევე როგორც ის, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვენდობით ამ ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, უნდა მოვითხოვოთ პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება, როგორც დეესკალაციის ერთ-ერთი გზა", - ამბობს რესან ქიქავა.

"ექსპო ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ როგორც freebusiness-ის ხელმომწერი ბიზნესები, ასევე რუსთაველზე შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოება, ხელისუფლებას პროცესების დეესკალაციის გზებს იმიტომ სთავაზობს, რომ თავად ხელისუფლების შემოთავაზება გამოსავალი არ არის.

"წავიკითხე მორიგი მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური ომის პარტიას, რომელიც გახდა deep state-ი, ტრამპმა შეიძლება ვერ მოუგოს და, თუ ასე მოხდა, ჩვენც მედგრად უნდა ვიდგეთ. გამიჩნდა კითხვა, თუ მანამდე საუბარი იყო 20 იანვარზე, მერე ითქვა, რომ შეიძლება მთლად 20 იანვარს ვერ მოხდეს ვერაფერი და ახლაა საუბარი, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მოუგოს ტრამპმა deep state-ს, ჩვენ მანამდე რას გვთავაზობენ?

ისინი რასაც გვთავაზობენ წარმოუდგენელია, რომ ტრამპი ებრძვის deep state-ს და ჩვენ მანამდე ვართ ასე გაჩერებული და ველოდებით, როდის დასრულდება ეს ბრძოლა იქ? მანამდე ხალხი შიმშილობს, ეს რანაირი გამოსავალია? თუ რამე სხვა გამოსავალი გაქვთ, გვითხარით, რა გამოსავალია, ამაში ხელს არავინ გიშლით", - აცხადებს რესან ქიქავა.

რესან ქიქავა: "ხელისუფლებასთან" მაქვს შეთავაზება, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები