2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ექთანს და მეან-ექთანს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აეკრძალება. ამას ითვალისწინებს ცვლილებები ჯანდაცვის კანონში, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
„კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების პროგრამები, მათ შორის პროფესიული განათლების კრედიტების აღიარება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა და ბაკალავრთან ასოცირებული ხარისხის მიღების მიზნებისთვის.
ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება. საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი.
საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი. შესაბამისი წოდებების მინიჭება ხორციელდება საბჭოს მიერ.
იქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის 2025 წლის 1 სექტემბრამდე სერტიფიცირება განხორციელდება უგამოცდოდ. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ მოხდება 2030 წლის 1 იანვრამდე.
დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით. საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება.
ამასთანვე, კანონპროექტით დარეგულირდება უცხოეთში მიღებული ექთნის და მეანი-ექთნის განათლების და საქმიანობის უფლების საქართველოში აღიარების წესი.
კანონპროექტის შესაბამისად, ინერგება ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო.
ქვეყანაში ექთნების რაოდენობრივი დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებულ იქნა დაშვება, 2020 წლის 1 იანვრამდე მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც ამავდროულად აქვთ 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟი, მიეცეთ უფლება მოიპოვონ ექთნის წოდება.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოსათვის განისაზღვრება ახალი საშტატო ერთეულები. 2025 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს 4 ახალი თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისათვის (წელიწადში) დაახლოებით 110 160.0 ლარი. ასევე, თუ დასაქმებული პირები ჩართულნი იქნებიან საპენსიო სქემაში, დამატებით 2% მიიმართება საპენსიო ფონდში. ჯამური თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობაზე.
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა 619 060.0 ლარია, ხოლო 2025-2028 წლებში მიმდინარე ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საპროგნოზო თანხა არის 1 354 354.0 ლარი.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.