მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან შეეძლებათ სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა? - გიორგი ამილახვრის პასუხი

განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომაზე სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის კონკურსი ზაფხულში დაიწყება, ხოლო სექტემბრიდან უკვე კადრების გადანაწილება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მოხდება.

მისივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა იმ სტუდენტს შეეძლება, რომლებიც წელს, ზაფხულში უნივერსიტეტში სწავლას ამთავრებენ.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა ჩვენს უწყებას კოორდინაცია დაგვავალა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდობის სააგენტო 1 იანვრიდან ჩვენს უწყებაშია გადმოსული. შესაბამისად, სხვადასხვა სერვისებზე, მათ შორის სტაჟირებაზე მუშაობას აქტიურად ვიწყებთ. ვინაიდან, ეს არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომ ახალგაზრდებს სწავლის პერიოდის დასრულების შემდეგ, სწორი კარიერული გაგრძელების პირობები შევთავაზოთ. ეს წელსვე განხორციელდება.

ბუნებრივია, კანონის მოთხოვნა არის, რომ ახალგაზრდები კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ. შესაბამისად, ვინც უნივერსიტეტს წელს, ზაფხულის პერიოდში ასრულებს, ზაფხულის პერიოდშივე უკვე შესაბამისი კონკურსები დაიწყება, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრიდან ისინი უკვე განაწილებული იქნებიან სტაჟირებაზე. დიახ, ეს ეხება ყველა სამინისტროს, მათ შორის ყველა სამინისტროს ქვეშ არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებს თუ სსიპ-ებს, ასევე მუნიციპალიტეტებს ყველა რაიონის მიხედვით“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე ცნობით, უახლოეს პერიოდში, სახელმწიფო დაწესებულებებში იმ შესაძლებლობებისა და პროფესიების მიხედვით ადგილების შეკრება მოხდება, სადაც კურსდამთავრებულები დასაქმდებიან.

„უახლოეს პერიოდში, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში იმ შესაძლებლობებს და იმ ადგილებს პროფესიებისა და მიმართულებების მიხედვით შევკრებთ, სადაც დასაქმების შესაძლებლობა არის. ვფიქრობთ, რომ ეს დაახლოებით 2000-3000 ადგილის ფარგლებში იმერყევებს და შესაბამისად, ეს კონკურსები ძალიან ნათელი, ინკლუზიური ინდიკატორებით და ობიექტურად გაიმართება, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტის მობილიზება შევძლოთ.

შესაძლებელია მოთხოვნა დიდი იყოს, თუმცა ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს და საზოგადოებას გარანტიას ვაძლევთ, რომ ეს იქნება უწყებათაშორისი კომისია, ტრანსფარანტულად ჩატარებული კონკურსით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ცოდნის და უნარების სტუდენტები შევარჩიოთ, რომლებსაც წახალისება და შემდგომ უკვე კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობა სჭირდებათ“, - განმარტა ამილახვარმა.

განათლების მინისტრის თქმით, სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების 4-თვიან პროგრამას შევთავაზებენ, რაც დასაწყისი იქნება. რადგან, ახალგაზრდებისთვის შემდგომ უკვე უფრო ფართო ინიციატივები ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები