მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აღდგება ეკონომიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

61384d8d0626a
თათია კაკიაშვილი
08.09.21 23:30
814
Visual Capitalist-ის ცნობით, დღეისათვის უკვე არსებობს გარკვეული პროგნოზები, როცა ქვეყნები გლობალური პანდემიისგან თავის დაღწევას შეძლებენ. ეს პროგნოზები კი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

ალბათ, გასაკვირი არაა, რომ აღდგენის სათავეში ჩინეთი და აშშ დგას. მაგალითად, ჩინეთმა პანდემიამდელ დონეზე დაბრუნება ყველაზე მეტად “იჩქარა” და ჯერ კიდევ 2020 წლის მეორე კვარტალის შემდეგ ეკონომიკურად მოძლიერება მოახერხა. მეორე მხრივ, მსოფლიო რუკაზე არაერთი ქვეყანაა, რომელსაც პრეპანდემიური ცხოვრების დონეზე დაბრუნებისთვის ლოდინი წლების განმავლობაში მოუწევს. მაგალითად, საუდის არაბეთისთვის ეს თარიღი 2024 წლის პირველი კვარტალია. არგენტინისთვის კი, რომელსაც აღდგენის შედარებით დაბალი ტემპი აქვს, ნანატრი ვადა 2026 წლის მეორე კვარტალია.

ქვეყნების უმეტესობა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის პანდემიურ დონეს 2022 წლის ბოლოს მიაღწევს. თუმცა ისლანდიისა და ესპანეთისთვის ეკონომიკის აღდგენა 2023 წლამდე მოსალოდნელი არ არის. წამყვანი ეკონომიკის მქონე ზოგიერთმა ქვეყანამ აღდგენა უკვე მოახერხა, ზოგს კი ამისათვის სულ ცოტა დრო დარჩა.

მაგალითად:

რუსეთი - 2021 წლის მეორე კვარტალის შემდეგ
ჩილე - 2021 წლის მესამე კვარტალის შემდეგ
ინდოეთი - 2021 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ
ინდონეზია - 2021 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ

მართალია, ასეთი წინასწარი მოლოდინები არსებობს, თუმცა ეს პროგნოზები გარანტირებული არ არის და ბევრი ქვეყანა ეტაპობრივად კვლავ აწყდება სირთულეებს, რამდენადაც COVID-19 მუტაციას განიცდის და მსოფლიოს კიდევ უფრო მეტად უტევს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპი განსხვავებულია, მოსახლეობის ვაქცინაციის განსხვავებული მაჩვენებლებია. რამდენადაც ეს მაჩვენებელი მაღალია, მით უფრო დაბალია ვირუსის გავრცელება. ეს კი ქვეყნებს რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობას აძლევს, რითაც ხალხი ნელ-ნელა ადრინდელ ცხოვრებას უბრუნდება, რაც ეკონომიკის საწვავია. და, რაც მთავარია, რამდენადაც სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაცია, ვირუსის მუტაციისთვის მით უფრო ნაკლები დრო რჩება.

ეკონომიკის აღდგენის კიდევ ერთი ფაქტორი ქვეყნების ჯანდაცვის სექტორში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა. ამ შემთხვევაშიც, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უკეთესი მდგომარეობა აქვთ, შედარებით დიდი მოცულობის საავადმყოფოები და მობილიზებული სამედიცინო პერსონალი ჰყავთ. ცხადია, ეს პანდემიის მართვისთვის გადამწყვეტი ფაქტორებია, რომლის შედეგიც ისაა, რომ მოწესრიგებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებს ნაკლები კოვიდშემთხვევები, მეტად შემსუბუქებული რეგულაციები და, შედეგად, სწრაფად აღდგენილი ეკონომიკა აქვს.

და ბოლოს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ფაქტორი მთავრობის მხარდაჭერა და ფისკალური სტიმულია. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებლის მსგავსად, ფისკალური სტიმულირების ნაწილშიც ქვეყნებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, რაც პირდაპირ მოქმედებს მათი აღდგენის ტემპზე.

ასე რომ, მხოლოდ დრო იტყვის, როდის დაუბრუნდება დედამიწა პანდემიამდელ ცხოვრებას. თუმცა, ამ დაბრუნებაში, ცხადია, ყველა ჩამოთვლილ ფაქტორს უდიდესი როლი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები