მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა?

5e1dcfd28daf8
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.20 14:20
3556
მარაბდა-კარწახის რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. $775 მილიონიანი სასესხო ხელშეკრულებით აშენდა, თუმცა ის სრული დატვირთვით ამ დრომდე ვერ ამოქმედდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2007 წლის ბოლოს გამოცხადდა. თავდაპირველად, მშენებლობის დასრულების თარიღად 2010 წელი სახელდებოდა, თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ გადაიდო და საბოლოო ვადად 2012 წელი, შემდეგ 2013, 2015, 2016, 2017, 2018 წლები სახელდებოდა. გადადების მიზეზები, რომელთაც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ასახელებდნენ, სხვადასხვა იყო, დაწყებული შეფერხებებით დაფინანსებაში, პოლიტიკური ცვლილებებით და დამთავრებული პრობლემებით კონტრაქტორ კომპანიასთან თურქეთში, ასევე რთული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და კლიმატური პირობებით. დღესაც ბაქო-ყარსის მაგისტრალის სრულფასოვანი ექსპლოატაციის დაწყება საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე არის დამოკიდებული.

საქართველოში რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების უდიდესი ნაწილი რამდენიმე წლის წინ დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ ისეთი ტიპის სამუშაოების განხორციელება, რომლებიც უშუალოდ რკინიგზის ოპერირების დაწყებასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული "მარაბდა კარწახის რკინიგზა" ახორციელებს. პროექტი მოიცავს როგორც 29.2 კმ. სიგრძის ახალი სალიანდაგო გზის დაგებას საქართველოში, ასევე - არსებული 157 კმ სიგრძის ლიანდაგის რეაბილიტაციას, ახალი სადგურების აშენებას და სხვა ინფრასტრუქტურის განახლებას.

პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, პირველ ეტაპზე - 5 მილიონი ტონა ტვირთის, შემდგომ ეტაპზე კი 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება - ეს მთლიანად იმაზე მეტია, ვიდრე საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის განმავლობაში გაატარა.

"მარაბდა კარწახის" რკინიგზის 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის ხარჯებმა წლის განმავლობაში 102 მილიონი ლარი შეადგინა. იმის გამო, რომ სახელმწიფო კომპანია მხოლოდ საინჟინრო მიმართულებით ახორციელებს სამუშაოს და რკინიგზას საოპერაციო შემოსავალი არ აქვს, კომპანიამ გასული წელი 102 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.



პროექტს აფინანსებს აზერბაიჯანული მხარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი სესხით. სესხის საერთო მოცულობა 775 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და იგი გაცემულ იყო 2 ტრანშად: პირველი ტრანში - 200 მლნ აშშ დოლარი და წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 1%-ს, ხოლო მეორე ტრანში - 575 მლნ აშშ დოლარი წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5%-ს. სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება პროექტის დასრულების შემდეგ და უნდა დაიფაროს 25 წლის განმავლობაში. თუმცა, დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს.

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის დავით ფერაძის განცხადებით, ჯერჯერობით, მარაბდა კარწახის რკინიგზა სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. მასზე 2019 წლის განმავლობაში ჩინეთიდან მომავალმა 19-მა ბლოკ მატარებელმა გაიარა, 2020 წლისთვის კი, ჩინეთიდან მომავალი მატარებლების რაოდენობა 170-მდე გაიზრდება.

BMG მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის შესახებ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ლევან კანკავას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ამ დროისთვის არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ახალი სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვანი ექსპლოატაცია.

ინტერვიუ ლევან კანკავასთან:

როდის დაიწყება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირების აქტიური ფაზა?

"ამჟამად რკინიგზა ფუნქციონირებს სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით ექსპლოატაციაში შესვლის ზუსტი თარიღი, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.

რა აფერხებს იმას, რომ დღემდე აქტიურ ოპერირების ფაზაში არ არის გადასული რკინიგზა?

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დამამთავრებელ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაშვება-მოწყობითი სამუშაოები, მიმდინარეობს თოვლდამცავი ღობე-ფარების მოწყობა. ასევე ხდება სცბ-სა და კავშირგაბმულობის დამონტაჟებული სისტემების ტესტირება, ხდება მთლიანად ქართული მონაკვეთის შესაბამისობაში მოყვანა უსაფრთხოების ნორმებთან და სტანდარტებთან.

ტარიფები თუ არის შეთანხმებული? როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის მიერ ამ მონაკვეთის?

სატარიფო პოლიტიკის შეთანხმება მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს რკინიგზის პრეროგატივას წარმოადგენს.

არის თუ არა სრულად ელექტროფიცირებული როგორც - საქართველოს, ასევე თურქეთის მონაკვეთი?

საქართველოს მონაკვეთი ელექტროფიცირებულია, თურქული მხარის შესახებ ინფორმაციას, სამწუხაროდ, არ ვფლობთ.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ რკინიგზის მართვის შესახებ, მის ექსპლოატაციას მარაბდა კარწახის რკინიგზა განახორციელებს თუ საქართველოს რკინიგზა?

მშენებლობის დასრულების შემდეგ შეიქმნება აზერბაიჯანის რკინიგზისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ექსპლოატაციას.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ რკინიგზის სამომავლო ტვირთბრუნვის შესახებ? რამდენი ბლოკ მატარებელი გაივლის მას 2020 წელს?

სამომავლო ტვირთბრუნვების შესახებ პროგნოზებისა და წინასწარი განცხადებების გაკეთება არ შედის "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" კომპეტენციაში. გთხოვთ, აღნიშნული კითხვით მიმართოთ საქართველოს რკინიგზას.

საუბარი იყო თურქმენულ ტვირთებზეც, კიდევ თუ მიმინდინარეობს აღნიშნულის შესახებ საუბარი? ასევე გვაინტერესებს პროექტში რუსეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ჩართულობის შესახებაც ინფორმაცია.

აღნიშნული საკითხები წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის პრეროგატივას.

თქვენი კომპანიის 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგება საჯაროდ არის გამოქვეყნებული. მისი მიხედვით, რკინიგზის პირველიდან მესამე ფაზის ჩათვლით სამუშაოები 90%-ზე მეტად არის შესრულებული, მეოთხე ეტაპის - ახალქალაქი კარწახის მიმართულების მშემებლობა კი 60%-ზეა. ახალქალაქის სადგური კი 52%-ზე არის აშენებული. გვაინტერესებს დღეისთვის პროექტის მშენებლობის შესრულების მაჩვენებელი ისევ აღნიშნულ პროცენტულ მაჩვენებელზეა?

აუდიტორულ ანგარიშებში ასახული პროცენტული მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, შეცვლილია და განახლებული პროცენტული მაჩვენებლები შესაბამისად იქნება ასახული შემდგომ ანგარიშებში.

თავად ახალქალაქის სადგურის მშენებლობა რა ეტაპზეა?

დასრულებულია ახალქალაქის საერთაშორისო ვაგზალი, სატვირთო მოედნის ძირითადი ობიექტები, ასევე მათი დამხმარე შენობა-ნაგებობები და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, ლიანდაგების გამომცვლელი ცენტრი აშენდა, რამდენად ეფექტურად ფუნქციონირებს ის?

შვეიცარული კომპანია "შტადლერის" მიერ დამზადებული გადამყვანი სისტემა განკუთვნილია სამგზავრო მატარებლებისათვის. აღნიშნული სისტემა აქტიურ ფუნქციონირებას დაიწყებს მას შემდეგ, რაც დაიწყება სამგზავრო შემადგენლობების მომსახურება. რაც შეეხება სატვირთო შემადგენლობებს, მათ შემთხვევაში ხდება ურიკების შეცვლა, ვაგონიდან ვაგონში გადატვირთვის ოპერაციები და არ გამოიყენება "შტადლერის" ზემოთ აღნიშნული გადამყვანი სისტემა", - ამბობს ლევან კანკავა.

საქართველოს რკინიგზაში კი BMG-ის განუცხადეს, რომ ახალი რკინიგზის კომერციული ოპერირება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე დასრულდება. 

საქართველოს რკინიგზის პასუხები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის შესახებ:

თუ შეგიძლიათ გვითხრათ როდის დაიწყება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირების აქტიური ფაზა?

- როცა მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება 100% ით.

ტარიფები თუ არის შეთანხმებული? როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის მიერ ამ მონაკვეთის?

- არის.

არის თუ არა სამშენებლო სამუშაოები დასრულებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

- მშენებლობა მიმდინარეობდა მხოლოდ საქართველოსა და თურქეთში. თურქეთში დასრულებულია თითქმის.

რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლისთვის აზერბაიჯანის რკინიგზისა და საქართველოს რკინიგზის მიერ დაფუძნდება ერთობლივი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაციას. გვაინტერესებს როდის იგეგმება აღნიშნული კომპანიის დაფუძნება?

- მშენებლობის დასრულებამდე 3 თვით ადრე.

როგორ შეაფასებდით მარაბდა-კარწახის რკინიგზის ინფრასტრუქტურულ მზაობას?

- მიმართეთ მარაბდა კარწახის რკინიგზას.

საუბარი იყო თურქმენულ ტვირთებზეც, კიდევ თუ მიმინდინარეობს აღნიშნულის შესახებ საუბარი? ასევე გვაინტერესებს პროექტში რუსეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ჩართულობის შესახებაც ინფორმაცია?

- თურქმენული ტვირთები მოძრაობდა და მოძრაობს საქართველოს გავლით, 2020 ში იქნება თურქმენული ტვირთების ზრდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების ჩართულობას, ზოგადად სატრანსპორტო კორიდორი ღია უნდა იყვეს ნებისმიერი არასანქცირებული ტვირთისთვის, მწარმოებელი ქვეყნის მიუხედავად.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. ბაქოში გამართულ გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება რკინიგზის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ეძღვნებოდა. გახსნიდან ორ წელზე მეტია გასული, მაგრამ რკინიგზა კვალ სატესტო ფაზაშია და მისი სრულფასოვანი ექსპლოატაცია ჯერ არ დაწყებულა.

BMG-იმ აღნიშნული პროექტის შესახებ კითხვით თურქეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებსაც მიმართა, მათ პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები