მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი სხდომა გაიმართა - რა განიხილეს

6405f7a938ae3
BM.GE
06.03.23 20:09
689
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და დელეგაციის წევრები იმყოფებიან.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა.

სხდომა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა, რომელმაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა როგორიცაა: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ახალ გეოპოლიტიკურ წეს-წყობილებაში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და მის მიერ გამოწვეული შედეგები გლობალურ და რეგიონულ დონეზე, სამხრეთ კავკასიისთვის ახალი შესაძლებლობები და სამმხრივი საკანონმდებლო ფორმატის ეფექტური გამოყენების გზები.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის საკითხის შენარჩუნება საერთაშორისო დღის წესრიგში და ამის ფონზე, მადლობას ვუხდი თქვენს მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს - საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებსა და ფორუმებში წარმოდგენილი რეზოლუციების და პოლიტიკური დეკლარაციების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონის სატრანზიტო ფუნქციაზე; სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, სამხრეთის გაზის დერეფანზე, შუა დერეფანსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და ალექსანდრე მოწერელია მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები