საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი მთავრობას ძველი განკარგულებების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. საკითხზე განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ის მთავრობას განკარგულებების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, რადგან მიხეილ დაუშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ გამჭვირვალობაა.
„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კორუფცია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მიმართულება რაც უნდა იყოს ჩვენი მთავრობისთვის, ეს უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ კორუფციის წახალისებას და ხელის დაფარებას. რამდენიმე ხნის წინ დიდი აჟიოტაჟით გვაცნობეთ, ვაპირებთ სამთავრობო განკარგულებების გამოქვეყნებასო. მერე ისე მოხდა, რომ სამთავრობო განკარგულებები ისევ შენახულია თუ დამალული.
მე მაინტერესებს, როდის აპირებთ ამ განკარგულებების გამოქვეყნებას? ბევრჯერ მოგიწოდეთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ეს განკარგულებები გამოაქვეყნოთ, რადგან იქ არის ინფორმაცია მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, იცოდნენ მათი ქონება ვინ გაასხვისა, ვისზე გაასხვისა, რა პირობებით გაასხვისა და რა რისკებს შეიცავდა ეს გასხვისება. საერთოდ გაუგებარია, ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ რატომ მალავთ.
მეორე საკითხს გეტყვით, გამჭვირვალობა არის კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოაქვეყნეთ განკარგულებები, ნუ მალავთ, ადრე თუ გვიან მაინც გასაჯაროვდება და ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, თუ რა გასხვისდა, როდის, რა პირობებით და რა კორუფციულ რისკებს შეიცავდა“, - განაცხადა დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, 3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 13 თებერვალს პირველი განკარგულება გამოაქვეყნა.
მანამდე მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებდა, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, არადა საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.
3-წლიანი პაუზის შემდეგ მთავრობამ პირველი განკარგულება გამოაქვეყნა