მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაჩქარდება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები - გვირაბზე და მაგისტრალზე $250 მლნ უკვე დახარჯულია

61b48a02abccc
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.21 15:13
1650
თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩასვლას, დაახლოებით 6 საათი სჭირდება, მთავრობა უკვე არაერთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით ეს დრო თითქმის ერთი საათით უნდა შემცირდეს. სარკინიგზო მაგისტრალის განახლების პროექტს ხელი ჯერ კიდევ 2011 წელს ხელი მოეწერა და ის 2019 წელს უნდა გახსნილიყო.

ახალი სარკინიგზო ხაზის და გვირაბების მშენებლობისთვის 260 მილიონი შვეიცარული ფრანკი, ანუ $282 მილიონი დოლარი არის გათვალისწინებული.

პროექტს საქართველოს რკინიგზა ჩინურ კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან” გაფორმებული ხელშეკრულებით აშენებს. სამშენებლო სამუშაოები რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთს ეხება, არსებული ხაზის პირობებში საქართველოს რკინიგზას წლიურად მაქსიმუმ 27 მილიონი ტონა ტვირთების გადაზიდვა შეუძლია, პროექტის გახსნის შემდეგ კი ქვეყანას წლიურად 50 მილიონ ტონამდე სარკინიგზო ტვირთების გატარება შეეძლება. ასევე გაიზრდება მატარებლების სიჩქარე და სამგაზვროს შემთხვევაში 60 კმ. სთ-დან 120 კმ. სთ გახდება, სატვირთო ტვირთებისთვის კი ის 50-60 კმ. სთ-დან 80 კმ. სთ-მდე გაიზრდება.

პროექტი ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე 38 კილომეტრის სიგრძის ახალი ხაზის მშენებლობას და 23 კმ სიგრძის არსებული მაგისტრალის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. მის ფარგლებში უკვე აშენებულია 8.33 კილომეტრის სიგრძის ახალი სარკინიგზო გვირაბიც.

2019 წლის იანვარში “საქართველოს რკინიგზამ” საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პერიოდისთვის კონტრაქტორის მიერ შესრულებული იყო მთლიანი სამუშაოების 86%. ამ განცხადებიდან ორ წელზე მეტია გასული, სწორედ ამიტომ BMG-იმ კომპანიას მიმართა კითხვით თუ როდის იგეგმება ამ მაგისტრალის გახსნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა მისი მშენებლობა სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

პროექტის მშენებლობის გაჭიანურებასთან დაკავშირებით კი საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ ამის მიზეზი COVID-19-ის პანდემია იყო, ამასთან კომპანია განმარტავს, რომ მათ პროექტის კონტრაქტორთან “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან” პრეტენზიები არ აქვთ.

როდის გაიხსნება ახალი მაგისტრალი - საქართველოს რკინიგზის განმარტება:

“პროექტის ძირითადი სამშენებლო ნაწილისა და სარკინიგზო ხაზების (მიწის ვაკისი+ლიანდაგი) დასრულება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსათვის. შესაბამისად, მონაკვეთების გახსნის ზუსტი პერიოდების განსაზღვრა გაგვიჭირდება, მაგრამ მომდევნო წლის ბოლოსათვის ყველა მნიშვნელოვანი მონაკვეთი ოპერირებადი უნდა იყოს.

დღეის მდგომარეობით პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დარულებულია, კერძოდ: პროექტირება–98,5%; მიწის ვაკისი–76,52%; ხელოვნური ნაგბობები (მათ შორის ხიდები)–88,89%; გვირბები–99,92%;. პროექტი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა 2019 წლის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვან შეფერხებას ან გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია. 

არ გვქონია კონტრაქტორთან არსებითი პრეტენზიები ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო.2019 წლის დასაწყისში პანდემიით გამოწვეულმა ფორს–მაჟორმა, კერძოდ საზღვრების ჩაკეტვამ მიმოსვლის შეზღუდვამ, მომწოდებლებთან გართულებულმა ლოგისტიკურმა პირობებმა და ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებულმა გარკვეულმა რეგულაციებმა რამდენიმე თვით შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობა, თუმცა სამუშაოების განახლება და გრაფიკის დაგეგმვა საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში მოხდა,”- აცხადებენ რკინიგზაში.

კითხვა: რამდენად გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე ამ მარშრუტზე, მას შემდეგ რაც გზის მონაკვეთი გაიხსნება?

- “პროექტის დასრულების შემდეგ ვფიქრობთ რომ მსვლელობის დრო თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე დაახლოვებით 40-50 წუთით უნდა შემცირდეს.”

კითხვა: პროექტის ღირებულება 260 მილიონ ფრანკს შეადგენს. თუ შეგიძლიათ გვითხრათ ამ თანხის რა ნაწილია 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით ათვისებული?

- “პროექტის საკონტრაქტრო ნაწილის ღირებულება შემცირდა და 249 მლნ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს დღეისათვის. თუმცა აღნიშნულის გარდა პროექტს სხვა დამატებითი სახსრები ესაჭიროება უშუალოდ ლიანდაგის დაგების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის. დღეის მდგომარობით ჯამური სახელშეკრულებო თანხიდან ათვისებულია 233.9 მლნ შვეიცარიული ფრანკი (250 მლნ დოლარი). ხოლო 23.3 მლნ შვეიცარიული ფრანკი დარეზერვებულია საგარანტიო პერიოდის გასვლამდე.”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები