განათლების და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების არაერთ მოდელზე მიდის მუშაობა, თუმცა მისი დაწყების ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ არ შეუძლია. როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საკითხი მოცულობითია, კომპლექსური და რეფორმამ ერთიორად უნდა გაზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი.
„ჩემი ინფორმაციით, გარკვეულ მოდელებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე გადის, დეტალები დარჩა შესათანხმებელი სამინისტროსთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს თვითღირებულებების განფასება, რათა მოხდეს სწორი შეფასება შემდგომ, რომ ამას დაეფუძნოს ახალი დაფინანსების მოდელი, უნივერსიტეტებს ჰქონდეთ გაცილებით მეტი შესაძლებლობა, განავითარონ ინფრასტრუქტურა, სტუდენტური სერვისები და ა.შ. ამიტომ, ეს არის დაკავშირებული სხვა მრავალ კომპლექსურ საკითხთან. ეს არ არის ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომ აიღო და უმაღლესი განათლების ახალი დაფინანსება დაარქვა. ამას ებმის ბევრი საკითხი, სამუშაო მასშტაბურია და ველი გაშლილია სამინისტროში. ეს იქნება დიდი რეფორმა, რომელიც ერთიორად შეცვლის უმაღლესი განათლების ხარისხზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე განათლების სამინისტრო უკვე წლებია მუშაობს. დაახლოებით ორი წლის წინ ცნობილი იყო, რომ კონცეფციის ნაწილი უკვე შემუშავებული იყო და უმაღლეს სასწავლებლებთან კონკრეტული განხილვებიც მიმდინარეობდა. მაშინ განათლების სამინისტროში ამბობდნენ, რომ ახალი მექანიზმით უნივერსიტეტებს საშუალება უნდა მიეცეს, არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების გადასახადებზე. როდიდან ამოქმედდება ახალი მოდელი, ჯერჯერობით უცნობია.