ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე მე-9 თვეა მიმდინარეობს. თბილისის მერიის მხრიდან იყო დაპირება, რომ ამ ქუჩის განახლება გასული წლის ნოემბრის ბოლოს მაინც დასრულდებოდა, თუმცა 2021 წლის 19 აპრილს დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე საგზაო სამუშაოებს შპს "იბერი" ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას მანჯგალაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სამუშაოების გაჭიანურება კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების მუშაობის ნელმა ტემპმა გამოიწვია.
“ხელშეკრულებით საგზაო სამუშაოებისთვის სამი თვე იყო განსაზღვრული, თუმცა მანამდე ადგილზე კომუნალური სერვისების მიმწოდებელი არაერთი კომპანია მუშაობდა. მათ შორის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "თბილისი ენერჯი", "თელასი", "სილქნეტი" და ა.შ. როცა აღნიშნული კომპანიები საშუალებას გვაძლევენ, მაშინ მივდივართ ადგილზე და ვმუშაობთ. ეტაპ-ეტაპ მივდივართ და ვმუშაობთ, როცა გვაძლევენ სამუშაო ფრონტს, იმის მიხედვით მივდივართ და ვასრულებთ შესაბამის სამუშაოებს. საგზაო სამუშაოები ამ ეტაპზე არ დასრულებულა, რადგანაც ჯერჯერობით კომუნიკაციების გაყვანა მიმდინარეობს. მაგალითად, "თელასი" ახლაც მუშაობს, მათ ორი კვირის საქმე აქვთ. ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულდება”, - აცხადებს შპს “იბერის" დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩახნაშვილი.
ცნობისთვის, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტს 1 575 000 ლარი უჯდება. პროექტის ფარგლებში სრულად უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, უნდა დაიგოს ასფალტის ახალი საფარი და მოეწყოს ტროტუარები. ამასთან, ქუჩაზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ უნდა განთავსდეს.




























