მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება თბილისის ყინულის სასახლის და ბაკურიანში ბიატლონის მოედნის მშენებლობა?

ყინულის სასახლე

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა. თბილისში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

"საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული და საგრიმიორო დარბაზები, გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით, ავტოსადგომი და რეკრეაციული ზონა. შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონეს და მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა

ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ). მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის

ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თბილისის ყინულის სასახლის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 28.5 მილიონი ლარია. უწყებამ მშენებლობის ხელშეკრულება კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენთან" გააფორმა.

ცნობისთვის, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები