ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტი არცერთი ონკოპაციენტისთვის იქნება მკურნალობის შემაფერხებელი.
როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შესაბამისი ნორმატიული აქტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
„ცვლილების მიზანი ერთი გახლდათ, თვითონ ონკოპაციენტების მონათხრობიდან გამომდინარე, ბევრი ონკოპაციენტისთვის ეს იყო ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი გარკვეულ დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ჰქონდა ალტერნატიული შესაძლებლობები საიმისოდ, რომ რაღაც ფორმით დაკმაყოფილებულიყო ეს მოთხოვნა. ეს შემაწუხებელი იყო, მათ შორის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება 25 000 ლარის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა ხმამაღლა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად არც ერთი პაციენტისთვის, 25 000-ლარიანი ლიმიტის არსებობა, არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ძალაში შესვლას, როდესაც პირველად ამის თაობაზე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, იქვე ვთქვით, რომ ამას დასჭირდება გარკვეული ფორმალობების წარმართვა, რამდენიმე დღეს და ძალიან ახლო მომავალში ეს გახდება ამოქმედებული ნორმატიული აქტი. მანამდეც, რა თქმა უნდა, ეს არც ერთი პაციენტისთვის არ იქნება რეალური პრობლემა. თუ ვინმეს ექნება კითხვა, სამინისტროში მზად ვართ, რომ სრული მომსახურება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“,- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში - ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. წლის განმავლობაში, 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება. რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.