მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაუმჯობესდება რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა? - ქალაქის მერის განმარტება

6368d8fbb5932
თათია ჩაფიჩაძე
12.11.22 21:00
853
„არიან საწარმოები, რომლებმაც მიცემული ვადა გამოიყენეს, თუმცა არიან საწარმოები, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა სჭირდებათ“ - ეს განცხადება რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ BMG-თან საუბრისას ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას გააკეთა.

მისი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საწარმოებში ფილტრაციის სისტემები დამონტაჟდეს და მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდეს.

„გარკვეული ნაბიჯები ქალაქში გადაიდგა, ამას ვაანალიზებთ და ვიგეგმებით მომავალი წლები როგორ უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ სრულად შევძლოთ ეკოლოგიური პრობლემების დაძლევა ჩვენს ქალაქში. რუსთავი იცით რომ ინდუსტრიული ცენტრია, ეს ტვირთი ეკოლოგიის ნაწილში ქალაქს აქვს, თუმცა ეკონომიკურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, რომელიც პანდემიის პირობებში ბიზნესისთვის არცთუ ადვილი იყო, ჩვენ დავიწყეთ აღსრულების ნაწილში ძალიან აქტიური ჩართვა და წლის დასაწყისში სამინისტროსთან და საპარლამენტო კომიტეტთან ერთად, მოვიარეთ ყველა საწარმო. დღესაც აქტიურ კონტაქტში ვართ მათთან.

ჩვენც ვაანალიზებთ, რომ ეკონომიკა ეკოლოგიასთან მჭიდრო კავშირშია და რთულია ეკონომიკის ხელშეუხებლობით ეკოლოგიის მოგვარება, გვიწევს მოვძებნოთ ოქროს შუალედი, არ დაზარალდეს ეკონომიკა, ადამიანები ვინც იქ მუშაობენ და ამავე დროს ვიზრუნოთ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცირებაზე, რომელიც საწარმოებიდან მოდის.

რუსთავის აზოტი კარგი მაგალითია, 5 მილიონ ევროზე მეტი იდება იმისთვის, რომ ახალი ტექნოლოგიების საშუალებებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი. ასევე სხვადასხვა საწარმოებში მიმდინარეობს ფილტრაციის სისტემების დამონტაჟება, თვითმონიტორინგის სისტემა, რომლითაც შევძლებთ 24 საათის განმავლობაში გავაკონტროლოთ თითოეული საწარმო. ამ თვითმონიტორინგის სისტემის დაერთების და ინტეგრირების პროცესი მიდის სამინისტროსთან. არიან საწარმოები, რომლებმაც მიცემული ვადა გამოიყენეს, თუმცა არიან საწარმოები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა. გეგმა N1 არის კანონის აღსრულება. მისი სხვადასხვა რეგულაციები სხვადასხვა პერიოდში შედის ძალაში, 1 ივლის შევიდა გარკვეული, ახალი წლიდან კიდევ დაემატება და მთავარია მონიტორინგი განვახორციელოთ მუდმივად და კანონის აღსრულებაზე არ დავიხიოთ უკან.

ღიად ვუდგები იმ გულისწყრომას და შენიშვნებსაც რომელიც მოსახლეობის მხრიდან მოდის, თუმცა არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკაც, ვცდილობთ რომ ეს ისტორიული პრობლემა გადავჭრათ ისე რომ არცერთი მხარე დაზარალდეს და რუსთავის წავიყვანოთ მწვანე ქალაქის სტატუსისკენ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

BMG-თან საუბრისას ლაცაბიძემ ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში მწვანე სივრცეები და რეკრეაციული ზონების მოწყობა ჯანდაცვის სერვისებთან ერთად პრიორიტეტულად დარჩება.

„ახლა მიმდინარეობს რუსთავის შემოსასვლელი რამდენიმე მოედნის რეაბილიტაცია, დიდი სარეკრეაციო სივრცეების აღდგენა და თუ არ არის, გაჩენა, მხოლოდ ერთ პროექტში 3 700 ხე-მცენარე დაირგვება. ჰაერის მართვის გეგმიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულება გვაქვს და მოსახლეობისგანაც დიდი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს. ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთი აღდგენა-რეაბილიტაციის და მეორე - ახალი სივრცეების შექმნა.

რუსთავის ჭალის ტყე არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ახალ და ძველი რუსთავს შორის დამაკავშირებელია, ვმუშაობთ რომ იქნებ როგორმე შევძლოთ ჭალის ტყეების, რომელიც 1990-იან წლებში ძალიან დაზიანდა, აღდგენა და რეაბილიტაცია.

ბიუჯეტს ვგეგმავთ და უახლოეს პერიოდში შევიტანთ საკრებულოში. მწვანე სივრცეები და რეკრეაციული ზონები რჩება პრიორიტეტად, ჯანდაცვის სერვისებთან ერთად. წელს სამი დიდი რეკრეაციული ზონა დავასრულეთ, ორი დასრულების პროცესშია და სულ რამდენიმე დღეში დავიწყებთ ჭყონდიდლის უბანში 15 ათას კვ.მ განაშენიანებას, რომელიც შექმნის ამ უბნის ადამიანებისთვის დასასვენებელ სივრცეს.“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები