12 სექტემბერს, თბილისის დროით გვიან ღამით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის მენეჯერებმა ახალი თაობის სმარტფონები, ჭკვიანი საათები და პროგრამული განახლებები წარმოადგინეს. Apple-ის სექტემბრის პრეზენტაცია, როგორც წესი, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წლის მთავარ ღონისძიებად ითვლება, რადგან ახალი თაობის სმარტფონებს კომპანია სწორედ ამ დროს წარადგენს.
წლევანდელ ღონისძიებაზე, Apple-მა ახალი თაობის სმარტფონები, კერძოდ iPhone 15, iPhone 15 Plus-ი, iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max-ი წარმოადგინა და მთავარი შეკითხვა, რომელიც მოსახლეობას აქვს, ახალი მოწყობილობების საქართველოში გამოჩენის დროს უკავშირდება.
ამ თემაზე, “საქმიან საღამოში” ისაუბრა საქართველოში Apple-ის პრემიუმ-რესელერი კომპანიის, iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, გიორგი კუბლაშვილმა. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც ახალ სმარტფონებს მიიღებს.
“წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. საქართველოში, ახალი თაობის iPhone-ები სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება. სასიამოვნო ინფორმაცია ისაა, რომ საქართველო ის რამდენიმე ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც iPhone 15-ის სერიის სმარტფონები ყველაზე ადრე გაიყიდება. შესაბამისად, ტრადიციისამებრ, ახალი სმარტფონები მაღაზიებში, სავარაუდოდ, ორ კვირაში გვექნება”, - აღნიშნავს iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, გიორგი კუბლაშვილმა “საქმიან საღამოში” სტუმრობისას.
კონკრეტულად რა ფასად გაიყიდება ახალი თაობის iPhone-ები და Apple-ის სხვა მოწყობილობები საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია. ოფიციალური ფასები კი, ასეთია:
iPhone 15 - $799-დან;
iPhone 15 Plus - $899-დან;
iPhone 15 Pro - $999-დან;
iPhone 15 Pro Max - $1199-დან;
Apple Watch Series 9 (ალუმინის ბუდით) - $399-დან;
Apple Watch Series 9 (უჟანგავი ფოლადის ბუდით) - $699-დან;
Apple Watch Ultra 2 - $1199-დან.