მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის წარადგენს საარჩევნო სიას "ქართული ოცნება"? - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

მმართველი გუნდი საარჩევნო სიას არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე წარადგენს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ პარტიები სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანონით გათვალისწინებულ ბოლო დღეს წარადგენენ "ოცნებაც" გაიზიარებს".

"არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი, სიის წარდგენამდე კი, 2 თვე. ტრადიციულად ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პარტიებს სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. სია შევა იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს საარჩევნო კომისიაში. თუმცა, მანამდე სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის ალბათ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ჩვენ გავალთ რეგიონებში და გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან", - თქვა პრემიერმა ხაშურში, იუსტიციის გახსნის შემდეგ.

პრემიერმა არ უპასუხა კითხვას, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. მისი თქმით, სიის ფორმირება პოლიტიკური საბჭოს პრეროგატივაა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსის მიხედვით პარტიებმა სია ცესკოში 1 თვით ადრე უნდა წარადგინონ. ანუ არაუგვიანეს 26 სექტემბრისა.

კობახიძემ ისაუბრა არჩევნებში ოპოზიციის პერსპექტივაზე და თქვა, რომ ისინი არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებენ. თუმცა, პრემიერმა ოპოზიციას ჯამურად 40 მანდატი უწინასწარმეტყველა, რაც ნიშნავს რომ ამ სცენარით "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ექნება.

„ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია, რომ შედარებით მეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა ნაციონალებს, როგორიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. მათ სურთ, რომ მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში. ამისათვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.

ეს რეალურად ერთადერთ რამეს ცვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში იქნება წარმოდგენილი 40-ის მაგივრად 45 ან 50 დეპუტატით. ეს არის ერთადერთი განსხვავება. ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება და საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები