საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმ პროცედურებს განმარტავს, რომლითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება.
„ორ კვირაში გვექნება კანონპროექტის მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით სამ-ოთხ კვირაში დავძლევთ ვეტოს. მიგვითითებენ ხოლმე ზოგჯერ ვენეციის კომისიაზე, იქნებ დაიცადოთ და ა.შ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა. შარშან ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი, შემდეგ ვთქვით, რომ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და კომისიის დასკვნის მიღებამდე არ გავაგრძელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა პირდაპირ იყო დადებული, თუმცა ამის მიუხედავად გამოვიდა აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს - „არ გაბედოთ“. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, პირდაპირ რჩება აღქმა - ვიღაცებს უნდათ, რომ ეს ქვეყანა არასდროს მოასვენონ“, - თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ საქართველო იქნება პრინციპული, შეინარჩუნებს მშვიდობას სტაბილურობას და წაიწევს წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე“, - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, მესამე მოსმენა გადაიდება თუ არა, კობახიძემ უპასუხა: „თუ ვინმეს უნდა და აინტერესებს ვენეციის კომისიის დასკვნა, ამის შესაძლებლობა ექნება ვეტოს დაძლევამდე. ვნახოთ, რა ეწერება დასკვნაში. დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას, ოღონდ დაელოდონ სამართლებრივ არგფუმენტებს ვენეციის კომისიის დასკვნაში. თუ იქ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს ნახავენ, ერთად ვნახოთ ყველაფერი“.