მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები და ექსპერტები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას?

6374893a569d5
გიორგი თოლორდავა
16.11.22 11:10
493
რუსეთ-უკრაინის ომი პოტენციური ესკალაციის საფრთხის წინაშეა, 15 ნოემბრის საღამოს კი უკრაინის საზღვრიდან 6.4 კილომეტრით დაშორებულ პოლონურ რეგიონ დოლხობიჩუვში სამხედრო რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ ისროლა რაკეტა, თუმცა პირველადი დაკვირვების საფუძველზე ირკვევა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. აღსანიშნავია, რომ რუსული წარმოების რაკეტები უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალშიც მრავლადაა, ამიტომაც ეს ფაქტი არ იძევა იმის ზუსტად დადგენის საშუალებას, თუ რომელმა მხარემ გაისროლა იგი.

Associated Press-ის ანონიმური წყაროების ინფორმაციით, პენტაგონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული რაკეტა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ იყოს გასროლილი რუსული იერიშის მოსაგერიებლად, თუმცა ფრენის პროცესში რაკეტას ტრაექტორია შეეცვალა და ის შემთხვევით მეზობელ სახელმწიფოში ჩავარდა.

ოფიციალური პოლონეთი აცხადებს, რომ საფუძვლიანი გამოძიება დაწყებულია, თუმცა წინასწარი დაკვირვება იმაზე მიუთითებს, რომ რაკეტა პოლონეთის ერთ-ერთი სოფელში არა მიზანმიმართულად, არამედ შემთხვევით ჩამოვარდა.

"რაც მოხდა, ეს იყო ერთი კონკრეტული ინციდენტი, არავითარი საფუძვლიანი რისკი არ ჩანს იმისა, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალშიც განმეორდეს. ამ ეტაპზე მეტის თქმა რთულია, გამოძიება დაწყებულია.

NATO, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზადაა, ჩვენი თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს საჰაერო ძალებს მოკავშირეების თვითმფრინავებიც შემოუერთდებიან. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ჩვენ მშვიდად და გაწონასწორებულად ვიმოქმედებთ", - განაცხადა დუდამ.

მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ ბალიში გამართულ "დიდი ოცეულის" სამიტზე მყოფი მსოფლიო ლიდერებიც. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე NATO გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ნაჩქარევი შეფასებების გაკეთებისგან კი ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს.

ოფიციალური მოსკოვი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთში რაკეტა რუსულ სამხედრო ძალებს არ ჩამოუგდიათ და აღნიშნული მოვლენა მიზანმიმართული პროპაგანდისა და პროვოკაციის კამპანიის ნაწილია, რომელიც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მომხდარი ინციდენტი არ წარმოადგენს NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის, კერძოდ, მე-5 პუნქტის ამოქმედების საფუძველს, რადგან, დიდი ალბათობით, ის არ ყოფილა მიზანმიმართული სამხედრო თავდასხმა და წარმოადგენდა შემთხვევითობას.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები