მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ „ნამახვანჰესზე“ პრემიერის განცხადებას ენერგეტიკოსები?

60c2324809fbe
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 21:00
906
„ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ თემას ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა. „მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ოფიციალური პირების განცხადების შემდეგ ENKA-ს დირექტორმა მერაბ ლომინაძემაც თქვა, რომ „კომპანია მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით“.

პრემიერის განცხადება უპასუხოდ არც „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერ ვარლამ გოლეთიანს დაუტოვებია. „საკითხს დაარქვეს პრობლემური, თუმცა მათ, ვინც ეს პრობლემა დავსვით და საკითხი პრობლემად წარმოვაჩინეთ, მათ არ გვესაუბრებიან. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ პროექტში 100 წელს 49 წლად გადააკეთებენ და მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, არასწორი მიდგომაა. მთავრობა ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვედროდა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


რატომ გააკეთა აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა? რატომ არ დაელოდა მთავრობის მეთაური ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილის დირკ ბუშლეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის თაობაზე მედიაციის პროცესში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას? ასევე, როგორც ცნობილია, სწორედ პრემიერის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული და გაუგებარია, ამ ფონზე რატომ იჩქარა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადების გაკეთება? და ბოლოს - რა გზავნილია პრემიერის განცხადება პოტენციური ინვესტორებისთვის და ზოგადად, როგორ აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და მიმზიდველობაზე? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პრემიერის განცხადების შემდეგ bm.ge-ის გაუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის თემებზე მომუშავე ორგანიზაციების თუ ეკონომისტების ნაწილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა, განსხვავებით ენერგეტიკოს რევაზ არველაძისგან, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

„ეს პოლიტიკური სახის შეკითხვაა და პოლიტიკურად გიპასუხებთ, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად უნდა ვითარდებოდეს იმის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერი პირველი კაცი არ არის - პირველი კაცი პარლამენტის თავმჯდომარეა“, - ამბობს რევაზ არველაძე.

bm.ge-ისთან ინტერვიუში მან ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირებისას სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებთან ხელშეკრულებების ფორმებსა და პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები მხოლოდ ორივე მხარის შეთანხმების შედეგადაა შესაძლებელი.

„ნამახვანჰესის პროექტი შემდეგი სისტემით შენდება - მშენებლობა, ოპერირება და ფლობა; ანუ აშენებ, ექსპლუატაციას უწევ და შენი საკუთრებაა, თურქი იქნება ამერიკელი თუ ჩეხი, არ აქვს მნიშვნელობა. თურქებმა თავისი გენერაციის დიდი ნაწილი შემდეგი სქემით განავითარეს, რომელიც მსოფლიოში უფრო მიღებულია, ეს არის მშენებლობა-ოპერირება-გადაცემა, რომელსაც გარანტირებული შესყიდვის ტარიფით გაძლევს ქვეყანა - თურქეთში ეს პერიოდი 15 წელია და ისეთი ტარიფია მიღებული, რომ ამ დროში ინვესტორი ჩადებულს ფულსაც ამოიღებს, ბანკის კრედიტსაც დაფარავს და კარგ მოგებასაც ნახავს.

გარკვეული წლების შემდეგ კი, ეს ელექტროსადგური სახელმწიფოს უნდა ჩააბარო. მსგავსი პროექტი, რომელიც ჩვენთან ამ სქემით ხორციელდება, არის „ნენსკრა“ და მისი ვადა 35 წლამდეა გაგრძელებული. აქ 15-20 წლის პერიოდში რომ გაკეთებულიყო ყველაფერი, კარგი იქნებოდა. შეთახმებაში წერია, რომ ცვლილება მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით შეიძლება მოხდეს, თუ ინვესტორი არ დათანხმდა, რომც იძახონ, ასე გავაკეთებო, არ გამოვა. ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლის უფლება სახელმწიფოს აქვს, მაგრამ მაშინ უზარმაზარი ჯარიმების გადახდა მოუწევს. ინვესტორი თუ დათანხმდება, რომ მშენებლობა-ოპერირება-ფლობა შეიცვალოს მშენებლობა-ოპერირება-გადაცემით, ეს იქნება საკითხის გადაწყვეტა“, - განმარტა ენერგეტიკოსმა რევაზ არველაძემ.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე კი მიიჩნევს, რომ პრემიერის ეს განცხადება არა თუ დროული, არამედ დაგვიანებულიც არის, რადგან იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება საკითხის მოგვარებისთვის გზების ძიებას ბევრად ადრე დაიწყებდა, დღეს პროექტის განხორციელება ჩიხში არ იქნებოდა შესული.

„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სწორი და დროული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს წარმომადგენლები მედიაციის პროცესში ჩასართავად საქართველოში ჩამოდიან. აქ ერთი საკითხია - პროექტის არგაგრძელება ნიშნავს, რომ ყოველგვარი სამუშაოები შეწყდება, სანამ ეს კომისია მუშაობას არ დაამთავრებს და გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამდენად, პრობლემა იმასთან დაკავშირებითაა, სახელმწიფოსთვის რამდენად პრობლემატური იქნება ამ ჰესის აშენება. მედიატორები ისაუბრებენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიც არის კაშხალი და მისი უსაფრთხოება და ა.შ. ხოლო 6.2 ცენტი იქნება ელექტროენერგიის ღირებულება თუ სხვა საკითხები, ქვეყნის ეკონომიკის შიდა პრობლემაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრემიერმა აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა, უფრო მეტიც, ეს განცხადება ცოტა უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, პროცესები ასე შორს არ წავიდოდა.

დაახლოებით, წინა წლის სექტემბერში ვამბობდი, რომ ეს პროცესი ასე ვერ გადაწყდებოდა და არ შეიძლებოდა მეგაფონებით და ტრანსფარანტებით ამ პრობლემის მოგვარება. ვამბობდი, რომ დავმსხდარიყავით, გაგვენაწილებინა 580-გვერდიანი დოკუმენტი და საკითხების მიხედვით გავყოლოდით მის შეფასებას. ამის ნაცვლად მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.

თუ აპრიორში ჩვენ ეს სადგური არ უნდა ავაშენოთ, მაშინ არც ევროკავშირის ენერგეტიკის გაერთიანების წარმომადგენლის ჩამოსვლა სჭირდება ამ ამბავს, მაგრამ თუ პროექტში რაიმე ნაწილის გასწორების სურვილი ინვესტორს და ქვეყანას აქვს, ეს მისასალმებელია“, - აცხადებს გია არაბიძე.

კითხვაზე - რამდენად აზიანებს საინვესტიციო პროექტებთან მიმართებით სახელმწიფოს არათანმიმდევრული მიდგომა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და რა გზავნილია ეს პოტენციური ინვესტორებისთვის, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ "ყველაფერი შედარებითია".

„ჩვენისთანა გაღატაკებულ ქვეყანას რომ 800 მლნ-იანი ინვესტორი გამოუჩნდა და ამაზე ვამბობთ უარს, ეს ხარაკირზე უარესია; თუ არ ვარგა პირობები - გავასწოროთ და 800 მლნ-იან პროექტს ნუ გადავაგდებთ, თორემ ამის შემდეგ ენერგეტიკაში ერთ ცენტსაც აღარავინ ჩადებს. პროექტი საქართველოს კანონმდებლობას უნდა იყოს მორგებული და ინვესტორის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ინვესტორი შენი ბიძაშვილი არ არის, მოვიდეს, აგიშენოს, გაჩუქოს და წავიდეს; აქედან გამომდინარე თუ ამით ქვეყანა იგებს და არ ზარალდება ეკონომიკურად, იურიდიულად, ენერგეტიკულად, ეკოლოგიურად - თუ ყველაფერი ეს მოწესრიგდა, რას ჰქვია უარი ვთქვათ 800 მლნ-იან პროექტზე?!

მართალია, პრემიერის განცხადება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციურ ინვესტორებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, მაგრამ ორჯერ უფრო ცუდი იქნება თუ ჰესი არ აშენდება; როდესაც ხელშეკრულება გავაფორმეთ, ჭკუა უნდა გვეხმარა, რომ აქ ეს პრობლემები არ ყოფილიყო. ხეობის მოსახლეობა იქნებოდა ეს თუ ნებისმიერი სხვა, ყველასთან უნდა მისულიყო ინფორმაცია, რომ ეს კრიზისული მდგომარეობა არ მიგვეღო. ამდენად, 800 მლნ-იან პროექტზე უარის თქმა 100-ჯერ უფრო დამაზიანებელია, ვიდრე პრემიერის ეს განცხადება, რომ ეს მემკვიდრეობით ერგო და ყველაფერს გააკეთებს ახლა, რომ გადახედონ, შეამოწმონ და დაალაგონ ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. ეს უფრო რბილი და უკეთესი განცხადებაა და უკეთესი იმედი ინვესტორებისთვის, ვიდრე „ენკა“ გაიქცეს აქედან და ის დანახარჯი, რაც აქვს, საქართველოსგან მოითხოვოს.

ამ პროექტის გაჩერება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს აქეთ საერთოდ ვეღარ გამოვახედებთ. საქართველოში შემოსული ინვესტიციების 80% ენერგეტიკაზე მოდის. ამას არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. იმით, რაც გავაკეთეთ, ჩვენი იმიჯი და საინვესტიციო გარემო უკვე დაზიანდა და ახლა თუ გავაჩერეთ პროექტი, უარესი იქნება. მოკლედ, პრემიერის ამ განცხადებით თუ მოვახერხეთ და შევთანხმდით, დავიწყეთ და ავაშენეთ ნამახვანჰესი, ეს იქნება სიგნალი, რომ ქვეყანაში პრობლემები არის, მაგრამ ინვესტორებისთვის მისი გადაწყვეტის გზებიც არსებობს“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები