საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ნაბიჯები კორპორაციული მართვის ნაწილშია გადასადგმელი, რომ ბორდის შერჩევა თუ დანიშვნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მოვიდეს შესაბამისობაში.
როგორც მან მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ზედამხედველობის გაძლიერების ნაწილში პროგრესი არის, თუმცა კვლავ რჩება გადასადგმელი ნაბიჯები. მათ შორის ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ყურადღებას ამახვილებს, რომ სახელმწიფო კომპანიები კომერციულ მიზნებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და არ უნდა იყოს პოლიტიკური გავლენები.
"სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ბევრი ასპექტია. მე გამოვყოფდი სახელმწიფო საწარმოების ოპერაციებს და სახელმწიფო საწარმოების მმართველობის ჩარჩოს. ჩვენ IMF-ში ამ უკანასკნელზე ვართ ფოკუსირებული. აქაც ორად დავყოფდი, რომ ერთი არის ზედამხედველობა, ფისკალური რისკების მართვა და მეორე ასპექტია თავად კომპანიების კორპორაციული მმართველობა. სამინისტრო უწევს მონიტორინგს ამ კომპანიებს და ზედამხედველობის გაძლიერების ნაწილში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ძალიან კარგი პროგრესია. მიზანი ფისკალური რისკების მინიმიზაციაა და ასევე, ასპექტია, რომ ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე იყოს ამ საწარმოების აქტივობების ბიუჯეტში ასახვა.
სამომავლო პროგრესისთვის სივრცე მოიცავს ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობების გაფართოებას, რომ უზრუნველყოს კომპანიების დიდი რაოდენობის ზედამხედველობა. ახლა ასეთი 7 კომპანიაა, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი საწარმოები, რომელთა დაფარვაც საჭიროა. ეს იქნება ერთი ნაბიჯი. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირება და ბიუჯეტში ასახვა, როგორც მთავრობის აქტივობების, რომ ამ კომპანიებს კომპენსაცია გაეწიოთ ამ აქტივობებისთვის. ზოგიერთი ეს კომპანია ახორციელებს ისეთ აქტივობებს, რაც ჩვეულებრივ სახელმწიფო მიერ იქნებოდა განხორციელებული, მაგალითისთვის უზრუნველყოფენ სუბსიდირებას ან სერვისებს უფასოდ. ეს რაც შეეხებოდა ფინანსურ მონიტორინგს.
კორპორაციული მართვა უფრო მეტად ეხება როგორ იმართებიან კომპანიები, როგორ ინიშნება ამ კომპანიების ბორდი, რა კვალიფიკაციებია, რა პროცესია. ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ახლა პრაქტიკა შესაბამისობაში არაა საუკეთესო პრაქტიკასთან. ჩვეულებრივ, ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფა, რომ კომპანიები იმართება კომერციული ორიენტაციით და პოლიტიკური გავლენის გარეშე, რომ თავად საწარმოს ძირითად მიზნებზე იყვნენ ორიენტირებულნი", - თქვა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.




























