20 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, კერძო სკოლების დირექტორებს ახალი რეფორმები გააცნო, რომლის მიზანიც, მინისტრის თქმით, კერძო სკოლების დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ცვლილებები, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, სასწავლო გეგმასაც შეეხება.
კერძოდ, როგორც განათლების სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, კერძო სკოლა თავად განსაზღვრავს, რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს; ასევე, სკოლას უფლება აქვს, საკუთარი შეფასების სისტემა ჰქონდეს, რომლის კონვერტირება 10-ბალიან სისტემაში მოხდება. გარდა ამისა, კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები და თავად განსაზღვრონ კლასის დამრიგებლის ფუნქციები.
საგანმანათლებლო რეფორმასა და კერძო სკოლების საქმიანობაზე სასწავლო გეგმის ცვლილების გავლენას, bm.ge-სთან კერძო სექტორი აფასებს.
როგორც “ევროპული სკოლის” დირექტორი, სოფიო ბაზაძე, აღნიშნავს, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმა ისეთ საკითხებს შეეხება, რომლის ნაწილიც კერძო სკოლებისათვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი და დიდი ხანია, რეაგირებას საჭიროებს.
“თითოეული ცვლილება კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალებას მისცემს დროულად, ეფექტურად მოაგვაროს ექსტერნატის საკითხი; საერთაშორისო პროგრამების აღიარების საკითხი; საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობები; მოსწავლეთა რეესტრში პროცესების დალაგება და სხვ.
რაც შეეხება ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, შეიძლება მათ უპრეცედენტო ვუწოდოთ. ძალიან თამამი გადაწყვეტილება იქნა მიღებული გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე, თავისუფალ რესურსზე და არჩევანის თავისუფლებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია სწავლა-სწავლების შედეგთან.
"ევროპულ სკოლას" დიდი ხანია შემუშავებული აქვს თავის სტანდარტსა და მოთხოვნილებებზე მორგებული „ევროპული სკოლის მასწავლებლის სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების, სტატუსის მინიჭებისა და შენარჩუნების წესი“, რომლის პარალელურად გვქონდა ვალდებულება სქემაში ჩართულობის, რაც იყო ორმაგი დატვირთვა როგორც მასწავლებლისთვის, ასევე სკოლისთვის. განხორციელებული ცვლილება საშუალებას მისცემს სკოლებს იმოქმედონ თავისუფლად და მოქნილად საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე”, - ამბობს სოფიო ბაზაძე.
საგანმანათლებლო რეფორმას დადებითად აფასებს კერძო სკოლა “ჯეჯილის” დირექტორი, ნინო ჩივაძეც და აღნიშნავს, რომ ცვლილებები კერძო სკოლების დამოუკიდებლობას გაზრდის.
“შეხვედრაზე კერძო სკოლების ახალი მხარდამჭერი რეფორმის შესახებ ძალიან საინტერესო და სასარგებლო სიახლეები გააჟღერა, რაც პირველ რიგში, კერძო სკოლების ინდივიდუალობის, დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ხარისხის მაქსიმალურად გაზრდას ითვალისწინებს.
სწორი გადაწყვეტილებაა, სკოლის შეფასება საბოლოო შედეგის მიხედვით მოხდეს. ასევე, რეფორმის ფარგლებში, კერძო სკოლები უფრო თავისუფლად და საინტერესოდ წარმოაჩენენ სკოლის მისიას და ფილოსოფიას. ვფიქრობ, კანონპროექტის ყველა კომპონენტი, რაც შეხვედრაზე გაჟღერდა, სასიკეთო ცვლილებას შეიტანს კერძო სკოლების განვითარების საქმეში”, - ამბობს ნინო ჩივაძე.
კერძო სკოლებისთვის რესურსების მიმწოდებელი ორგანიზაციის, English Book Education-ის ვიცე პრეზიდენტი, ოპერაციებისა და ბიზნესგანვითარების მიმართულებით, მიხეილ გურგენიძე, bmg-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სასწავლო გეგმის ცვლილება სკოლებს მრავალეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საშუალებას აძლევს.
“კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები. რაც, ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსები შევთავაზოთ სკოლებს, მეორე მხრივ კი, სკოლებს საშუალება მიეცემათ, მეტად საინტერესო გახადონ სწავლის პროცესი და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებულ ინდივიდუალურ მიდგომას მოარგონ ის სახელმძღვანელო, რომელსაც ამა თუ იმ საფეხურისთვის შეარჩევენ.
ზოგადად English Book Education-ის მთავარი მისიაა, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პროექტითა და ინიციატივით, ადამიანებს მომავლისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დავეხმარებით. შესაბამისად, მივესალმებით ყველა იმ ცვლილებას, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობს. სწორედ ასეთია განათლების სამინისტროს კერძო სკოლებთან დაკავშირებული ინიციატივებიც, რაც მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისთვის კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელმისაწვდომს გახდის საგანმანათლებლო რესურსებს”, - ამბობს მიხეილ გურგენიძე.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შევა მიღებული ცვლილებები ძალაში, თუმცა ცალსახაა, რომ კერძო სექტორის ნაწილი დაანონსებულ რეფორმებს დადებითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ კერძო სკოლებს მეტი თავისუფლება ექნებათ, მრავალფეროვანი სასწავლო მასალა შესთავაზონ მოსწავლეებს.