მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლებისთვის ცვლილებები იგეგმება - სამინისტრო დეტალებზე

კერძო
BM. GE
21.09.23 00:50
91

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა მათ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილებების მიზანია კერძო სკოლების დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ხარისხის მაქსიმალურად გაზრდა.

ცვლილებები შეეხება ავტორიზაციის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ადმინისტრირებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებებს.

კერძოდ, ავტორიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გულისხმობს შემდეგ საკითხებს:

 რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით;

 ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია;

 ავტორიზაციისას ცენტრი აღარ განსაზღვრავს სავალდებულოდ წარსადგენ მტკიცებულებებს და სკოლა თვითონ გადაწყვეტს, თუ რა გზით დაადასტურებს სტანდარტებთან შესაბამისობას;

 კერძო სკოლას მიეცემა უფლება, განახორციელოს სასკოლო მზაობის პროგრამა ცალკე იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე;

 განხორციელდება ცვლილებები საერთაშორისო პროგრამების აღიარების წესში და განისაზღვრება უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნები და პირობები.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით:

 კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან;

 მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა;

 უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით;

 სსიპ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.

რაც შეეხება ადმინისტრირებას – ამ კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განმახორციელებელ კერძო სკოლებს:

 მოსწავლეთა რეესტრში საკუთარი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა მიეცემათ;

 ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;

 საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:

 უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;

 კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება, მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა- სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;

 კერძო სკოლებისთვის სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. სკოლა თავად განსაზღვრავს რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს;

 კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით. სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;

 სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში;

 სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;

 სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;

 ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;

 კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;

 კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა;

 განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).

აღნიშნული ცვლილებების ეფექტიანად დანერგვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი სსიპ-ები საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავენ დაინტერესებული კერძო სკოლების წარმომადგენლებთან.

კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო და მიღებული გადაწყვეტილებები უპრეცედენტო მხარდამჭერ პოლიტიკად შეაფასეს, რაც ხელს შეუწყობს მათი დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები