მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს "ელსელემას" მფლობელი სახელმწიფო სამკერვალოს დაფუძნებას?

6081a62ec7cfb
თელარა გელანტია
22.04.21 23:20
864
კომპანია "ელსელემას" მფლობელი ელგუჯა მამასახლისი სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიერ სახელმწიფო სამკერვალო კომპანია „დელტა ტექსტილის“ დაფუძნებას არ მიესალმება. Bm.ge-სთან ინტერვიუში ბიზნესმენი აცხადებს, რომ სახელმწიფო სამკერვალოს შექმნის წინააღმდეგი იყო წინა მთავრობის პერიოდშიც, როდესაც შპს „დემეტრე 96“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებზე მუშაობდა. თავად „ელსელემაც“ წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში და უნიფორმებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისთვის კერავდა. ასე იყო 2020 წლამდე, ვიდრე, როგორც ბიზნესმენი ყვება, „შავ სიაში“ არ აღმოჩნდა, რადგან პანდემიის გამო თავდაცვის სამინისტროს შეკვეთა დროულად ვერ ჩააბარა.

- როგორ შეაფასებდით ჯარისთვის კუთვნილი ფაბრიკის შეძენაზე უკვე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას? მახსოვს, რამდენიმე წლის წინ „ელსელემას“ სამკერვალო ქარხანამ უნიფორმები შვეიცარიის პოლიციისთვისაც შეკერა... თავად „ელსელემა“ საქართველოს მთავრობის მოსაწონ უნიფორმებს ჯარისთვის ვერ შეკერავდა?

- რა თქმა უნდა, შევკერავდით და ვკერავდით კიდეც... მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი და ერთ-ერთი სამკერვალო კომპანიის მფლობელი, ბუნებრივია, არ მივესალმები სახელმწიფო სამკერვალო ფაბრიკის შექმნას. არ მივესალმებოდი არც მაშინ <წინა მთავრობის პერიოდში>, როცა მსგავსი პრეცედენტი იყო, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა წარმოება - სახელმწიფო შეკვეთებზე შპს „დემეტრე 96“ მუშაობდა, მაგრამ არ გაამართლა, ხომ? რატომ არ გაამართლა, არ ვიცით... თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯი [2020 წელს სახელმწიფო სამკერვალო ფაბრიკის შექმნა] სავარაუდოდ, პანდემიას უკავშირდება, რომლის გამოც მთელი რიგი კომპანიები, ვინც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და თავდაცვის სამინისტროც, ფაქტობრივად, გადაერთო ანუ შესყიდვები არ გამოცხადდა - ჯარს აცვია ე.ი. სავარაუდოდ, უნიფორმის და აქსესუარების იმპორტი ხდება, თუმცა შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ფაბრიკამ - „დელტა ტექსტილმა“ შეასრულოს თავდაცვის სამინისტროს ყველა შეკვეთა.

- როგორ ფიქრობთ, მხოლოდ პანდემიამ უბიძგა თავდაცვის სამინისტროს, რომ ეყიდა სხვა სამკერვალო კომპანიის „ჯეო ემ ტექსის“ 49%-იანი წილი და ასე დაეფუძნებინა სახელმწიფო სამკერვალო „დელტა ტექსტილი“?

- სწორედ ეს მინდა გითხრათ, რომ წარმოება ნახევრად მაინც კერძოა... იქ რაღაც... მიჭირს უკვე პასუხი გითხრათ.

- გიჭირთ თუ არ გსურთ პირდაპირ ისაუბროთ?

- დასამალი ამაში რაა?! რა თქმა უნდა, მე ჩემი აზრი უნდა ვთქვა, ვინაიდან ახლა პანდემიაა, ამ შემთხვევაში გამართლება აქვს მაინც სახელმწიფო სამკერვალოს შექმნას, თორემ ჩვეულებრივ შემთხვევაში - არა... მაგალითად ადრე, წინა მთავრობის დროს, როცა სახელმწიფო სამკერვალო დააფუძნეს, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სერიოზული პროტესტი გამოვთქვით, ოფიციალური თუ არაოფიციალური...

- მაშინაც არ ესმოდა მთავრობას სამკერვალო ინდუსტრიის?

- სახელმწიფო სამკერვალოს შექმნის წინააღმდეგი ვიყავით და ვნახეთ შედეგიც - გაამართლა? - არ გაამართლა...

- მთავრობა დღეს უკვე ყიდის „დემეტრე 96“-ს, მაგრამ ჯერ არავინ ყიდულობს...

- დიახ, აუქციონზე გადის, მაგრამ ამ ფასში არ ვიცი, ვინ იყიდის; რაც შეეხება იმას, რომ შპს „ჯეო ემ ტექსის“ 49%-იანი წილი იყიდა სახელმწიფომ და დანარჩენი 51% არის კერძო კომპანიის წილი, ანუ გამოდის, რომ კერძო საკუთრებაც მონაწილეობს თავდაცვის სამინისტროს შეკვეთების შესრულებაში და სავარაუდოდ, ასე მოხდება ყველა ვარიანტში - თავდაცვის სამინისტროს მოუწევს ტენდერების გამოცხადება - ეს იქნება პირდაპირი შესყიდვა, ტენდერი თუ საიდუმლო შესყიდვა, რადგან ერთი წარმოება ყველა შეკვეთის შესრულებას ვერ შეძლებს.

- როგორ ფიქრობთ, ისე ხომ არ გამოდის, რომ სახელმწიფო სამკერვალო თავდაცვის სამინისტროზე მეტად სჭირდებოდა იმ კერძო კომპანიას, ვისი წილიც, ფაქტობრივად, თავადაცვის უწყებამ იყიდა?

- მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ამ საწარმოსთან - „ჯეო ემ ტექსთან“ მქონდა ადრე ურთიერთობა, როდესაც ის იტალიელების შეკვეთაზე მუშაობდა და „მონკლერს“ უკერავდა ქურთუკებს, ისევე როგორც - „ელსელემა“.

- გასაგებია... რომ შევაჯამოთ, რა ჰქვია სიტუაციას, როდესაც ერთი სახელმწიფო სამკერვალო აქვს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც ვერ იმუშავა და ყიდის და ამ დროს კიდევ აფუძნებენ ახალ სამკერვალო ფაბრიკას - ბიზნესმენები ასე იქცევით ხოლმე?

- იცით, კერძო სექტორში, რა თქმა უნდა, კონკურენცია არის, მაგრამ ის, რომ სახელმწიფომ კონკურენცია გაუწიოს კერძო სექტორს... სწორედ ამის ბრალიც არის გარკვეულწილად ის, რომ წარმოებები იხურება... ჩვენი სიტუაცია გასაგებია - „ელსელემამ“ თბილისის ქარხანა გაყიდა; ასევე ქუთაისში უცხოელებს ჰქონდათ ერთი ფაბრიკა და გაკოტრდა... დავაკვირდეთ, როგორი სიმძლავრით მუშაობდნენ ადრე სამკერვალო ფაბრიკები და როგორ მუშაობენ ახლა. ერთმა ნაცნობმა ხუმრობით მითხრა - ელგუჯა, შენ მოიკალი თავი და დაასაქმე 250 ადამიანი და მე კიდევ 3 ადამიანით ვმუშაობ და შენს კომპანიაზე მეტი ბრუნვა მაქვსო...

- იმპორტიორია?

- იმპორტიორი ყიდულობს და ყიდის... სახელმწიფო ტენდერებშიც მომრავლდნენ, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ადგილობრივ წარმოებას ხელი უნდა შეუწყოს მთავრობამ, რომ გარკვეულწილად პრივილეგია გვქონდეს და მქონდეს წარმოების ინტერესი, რომ ქარხანა კი არ გავყიდო, არამედ გავაფართოო - თბილისში მქონდა ქარხანა, დასავლეთ საქართველოში - ლანჩხუთშიც გავაკეთე და კახეთიდანაც იყო ინტერესი, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თბილისში ისევ აღვადგინო ქარხანა, რომლის გაყიდვაც მომიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები