მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღიქვამს ქართველი მომხმარებელი სტრიმინგ-ბიზნესს? - Setanta Sports-ის განმარტება

Setanta Sports

საქართველოში სტრიმინგ-პლატფორმების გამოჩენის პირველ დღეებში, ქართველმა მომხმარებელმა ერთგვარი კულტურული შოკი განიცადა, რადგან ამ ტიპის ბიზნესი ჩვენი ქვეყნისთვის უცხო იყო. თუმცა წლების გასვლასთან, ქვეყნის გაციფრულებასთან და განვითარებასთან ერთად, სტრიმინგ-პლატფორმებმა საქართველოში ფეხი მოიკიდა.

როგორც Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი, ლევან გვარამია TECH INFORM-ში ამბობს, მენტალიტეტის ცვლილება ქართველმა მომხმარებელმა უკვე განიცადა, ასე რომ ახლა სწორედ კომპანიებზე არის დამოკიდებული, ამ ეფექტის მასშტაბირებას როგორ მოახერხებენ.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში და რეგიონში მენტალიტეტის ცვლილება უკვე მოხდა, ასე რომ უკვე პროცესის ნაწილია, ამ ეფექტის კიდევ უფრო გაზრდას როგორ მოვახერხებთ”, - ამბობს გვარამია.

BMGtv-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას Setanta Sports-ის პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი პლატფორმის შექმნის ისტორიასაც ჰყვება და აღნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებელი სამართლიანი და მომთხოვნია.

“აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, როცა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამ რეგიონში, გამოწერაზე დაფუძნებულ OTT-პლატფორმას ვქმნიდით და თან, ეს კომერციულად გამართლებული პროექტიც უნდა ყოფილიყო. მენტალიტეტის ცვლილება ცალსახად გარდაუვალი იყო, მაგრამ ქართველ მომხმარებელთან დაკავშირებით ისიც უნდა ვთქვა, რომ ის აბსოლუტურად სამართლიანი და მომთხოვნია. უკვე ყველამ გაიგო, რომ არსებობს ასეთი სერვისი, რომელიც უკვე ინდუსტრიად იქცა და ის ლიცენზიები, რომლებიც ნაყიდი გვაქვს, უზარმაზარ ფინანსებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ეს რომ პროექტად შედგეს, საჭიროა დიდი მხარდაჭერა. ეს აბსოლუტურად გადააზრებულია, რასაც მოწმობს მომხმარებელთა რაოდენობა და ტენდენცია, რომელიც მზარდია”, - განაცხადა ლევან გვარამიამ TECH INFORM-ში სტუმრობისას.

Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ მომხმარებელთა დინამიკის გასაზომად კომპანიაში დანაკარგის მაჩვენებელს (ინგლ. “churn rate”) იყენებენ, რომელიც Setanta Sports-ისთვის მისაღებ შუალედში მერყეობს.

“ჩვენს ინდუსტრიაში არსებობს დანაკარგის მაჩვენებლის ცნება, რომელიც ადგენს სტანდარტს იმ მისაღები დანაკარგისა, რომლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ კომპანია სწორად და კარგად ვითარდება. Setanta Sports-ში ეს სტანდარტი სულ სხვა დონეზე ავიყვანეთ, რაც გვამოტივირებს. ამასთან, ჩვენს მომხმარებლებთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და შეგვიძლია, საკუთარ თავს მომხმარებლის თვალით შევხედოთ და საბოლოო ჯამში, ამ ურთიერთობის, კვლევისა და მუდმივი სიახლეების ხარჯზე ვახერხებთ, რომ მომხმარებლებს გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ, რომლის გამო ისინი ჩვენთან რჩებიან”, - ამბობს ლევან გვარამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები