"ბუნებრივია, ფასებს შორის სხვაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს გარკვეულ პროდუქტებზე შეიძლება დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) წარმოადგენდეს", - ასე პასუხობს Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი BMG-ის კითხვას, რა გავლენა აქვს დღგ-ის გადასახადს სურსათის ფასზე.
მისი განმარტებით, საქართველოში დღგ ძირითადად არ ვრცელდება მხოლოდ სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდების პროდუქტებზე, როგორიცაა გადაუმუშავებელი მზესუმზირა ან ხორბალი. თუმცა, პირველადი პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული მზა პროდუქცია მათ შორის, პური და მზესუმზირის ზეთი უკვე დღგ-თი იბეგრება, რაც საბოლოო ფასზე აისახება.
"ბუნებრივია, ფასებს შორის სხვაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს გარკვეულ პროდუქტებზე შეიძლება დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) წარმოადგენდეს. საქართველოში დღგ ძირითადად არ ვრცელდება მხოლოდ სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდების პროდუქტებზე. მაგალითად, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქცია როგორიცაა გადაუმუშავებელი მზესუმზირა ან ხორბალი (თავთავის სახით, მოკრეფილი და დაუმუშავებელი) დღგ-სგან თავისუფლდება. მეორე მხრივ, გადამუშავებული პროდუქტები დღგ-თი იბეგრება. მაგალითად, ხორბლიდან მიღებული პურის, როგორც მზა პროდუქტის, მიწოდება დღგ-ს ექვემდებარება.
ამასთან, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ სახელმწიფოებსა და ევროპის ქვეყნებში, მოქმედებს სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათები როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ისე ძირითადი პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებზე. რიგ ქვეყნებში დღგ შესაძლოა ნულოვანი არ იყოს, თუმცა შემცირებული განაკვეთით მაგალითად, 4%-დან 7%-მდე ვრცელდებოდეს ისეთ პროდუქტებზეც კი, როგორიცაა პური, კარაქი ან სხვადასხვა გადამუშავებული რძის პროდუქტი.
ბუნებრივია, არ ვამბობ, რომ საქართველოში გადამუშავებულ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს არის, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მისი განხილვა ნამდვილად შესაძლებელია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გადამუშავებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი საქართველოშიც დღგ-სგან თავისუფლდება, თუმცა ეს ჩამონათვალი საკმაოდ შეზღუდულია. მაგალითად, ხორცისგან მიღებული ზოგიერთი სახეობის ფარში, მიუხედავად იმისა, რომ კოდშეცვლილი პროდუქტია, დღგ-თი არ იბეგრება. ასევე, 100%-ით ნატურალური რძისგან მიღებული ყველი საქართველოში დღგ-სგან თავისუფალია.
მიუხედავად ამისა, ძირითადი კვების პროდუქტები, რომელთა მაგალითებიც ზემოთ მოვიყვანეთ, დღგ-თი იბეგრება. შესაბამისად, თუ ამ პროდუქციის საბოლოო ფასებს დღგ-ს ჩათვლით საქართველოში და საზღვარგარეთ შევადარებთ, აშკარაა, რომ დღგ-ის განაკვეთების განსხვავებამ შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს ფასთა სხვაობაში", - აცხადებს პაპიაშვილი.
მთავრობა სურსათის ფასების შესწავლას იწყებს და ამ პროცესში არა მხოლოდ პარლამენტს და მის საგამოძიებო კომისიას, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც (სუს) რთავს. ყველაფერი "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში სურსათის სიძვირის მიზეზი მაღალი ფასნამატი და მოგების ასევე მაღალი მარჟაა. მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ დისტრიბუტორებსა და ქსელურ მარკეტებს შორის კარტელური გარიგებაც იყოს. კობახიძის მოწოდებას, რომ სურსათის ფასი საგამოძიებო უწყებებს შეესწავლათ, პარლამენტში კი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, მალევე გამოეხმაურა საკანონმდებლო ორგანოც და სუსიც.
კომისია პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზევე შეიქმნება. მანამდე კი სუს-ი კი "მკაცრი სამართლებრივი რეაგირებით“ იმუქრება. კობახიძეს იმედი აქვს, რომ ამ ფორმით სურსათზე ფასი შემცირდება.
"ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86% საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცავ სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა",- აცხადებს კობახიძე.




























