მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აპირებს განათლების უწყება ჩინური ენის მასწავლებლების უზრუნველყოფას? - მინისტრის პასუხი

ალექსანდრე წულაძე

განათლების მინისტრის ალექსანდრე წულაძის განცხადებით, იმ სკოლებს, რომლებიც მეორე უცხო ენად აირჩევენ ჩინურს, მასწავლებლებს დისტანციურადაც შესთავაზებენ. როგორც მან “რუსთავი 2”-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მასწავლებლის რესურსი არ იქნება ყველგან ხელმისაწვდომი, ამიტომაც გამოსავალი დისტანციურად სწავლებაა.

“მასწავლებლის რესურსი არ იქნება ყველგან ხელმისაწვდომი, რადგან 2 100-მდე საჯარო სკოლაა საქართველოში, მაგრამ იმ სკოლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ისწავლონ ჩინური, ჩვენ დისტანციურადაც შევთავაზებთ. დისტანციურად ენის სწავლება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა”, - განაცხადა მან.

წულაძის თქმით, ჩინური ენის სტანდარტზე მუშაობის დაწყების ლაიტმოტივი იყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სკოლის მოსწავლეების საჭირო უნარებით აღჭურვა და ამ მხრივ, ერთ-ერთი სწორედ ჩინური ენაა.

“ჩემთვის გასაოცარიც იყო ის გამოხმაურება, რაც მივიღეთ. დღეს საქართველოში მოქმედებს 7 მეორე უცხო ენის სტანდარტი. მათ შორის არის ევროპული, აღმოსავლური ენები. ამათ დაემატება მერვე - ჩინურის სტანდარტი. მეხუთე კლასიდან მეორე უცხოური ენა არის ნებაყოფლობითი. აქამდე მოსწავლეებს რომ აერჩიათ ჩინური ენა, და არჩეულიც იყო რამდენიმე სკოლაში, ჩვენ ვალდებული ვიყავით რომ შეგვეთავაზებინა, თუმცა არ არსებობდა სტანდარტი, შესაბამისად, მასწავლებელზე ვიქნებოდით დამოკიდებული, თუ რა სახელმძღვანელოთი და შინაარსით წაიყვანდა სასწავლო პროცესს. მომავალი წლიდან კი ჩვენ გვექნება სტანდარტი”, - აღნიშნა “ოცნების” განათლების მინისტრმა.

ცნობისთვის, ჩინური ენის სტანდარტზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა, როცა განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენა დააანონსა. სკოლებში ჩინური ენის სწავლების შესახებ ინფორმაციას, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. მთავარი კითხვა, რაც გაჩნდა, იყო ჩინურის მასწავლებლების რაოდენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები