მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აქცია AI ბუმმა სამხრეთ კორეა უფრო მნიშვნელოვან, თუმცა მოწყვლად ეკონომიკად

სამხრეთ კორეა
08.08.26 20:30
155

ხელოვნური ინტელექტის (AI) გლობალურმა ბუმმა სამხრეთ კორეის საფონდო ბაზარი უპრეცედენტო ზრდამდე მიიყვანა. თუმცა, მიმდინარე წელს სწორედ ამ ბაზარმა მსოფლიოს წამყვან ინდექსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი კორექცია განიცადა. ამ ვარდნამ უფრო ფართო ეკონომიკური რეალობა გამოავლინა: იმავე ფაქტორებმა, რომლებმაც სამხრეთ კორეა AI-ის ეპოქის ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებულად აქცია, ქვეყანა გარე ცვლილებების მიმართ გაცილებით უფრო მგრძნობიარე გახადა, როდესაც ინვესტორებმა მომავლის მოლოდინების გადაფასება დაიწყეს.

სამხრეთ კორეის მთავარი საფონდო ინდექსი — Korea Composite Stock Price Index (KOSPI), რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საჯარო კომპანიების აქციების დინამიკას ასახავს, 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის 19 ივნისამდე დაახლოებით 270%-ით გაიზარდა და რეკორდულ 9,385.59 პუნქტს მიაღწია. თუმცა, უკვე 29 ივლისისთვის ინდექსი 5,663.24 პუნქტამდე დაეცა, თითქმის 40%-ით გაუფასურდა და ბაზარმა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. მას შემდეგ, ინდექსი 6,258-მდე გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პიკურ მაჩვენებელს. ვარდნა იმდენად მასშტაბური იყო, რომ მარეგულირებლებს არაერთხელ მოუწიათ ბაზარზე ვაჭრობის ავტომატური შეჩერების მექანიზმის (circuit breaker) ამოქმედება, ხოლო მოგვიანებით ლევერიჯირებული საინვესტიციო პროდუქტების რეგულაციების გამკაცრებაც დაიწყეს.

Samsung Electronics და SK Hynix კვლავაც ძლიერ ფინანსურ შედეგებს აჩვენებენ, ხოლო სამხრეთ კორეის ნახევარგამტარების ინდუსტრია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან სექტორად რჩება. თუმცა, ბაზრის ვარდნა, პირველ რიგში, მიმდინარე ფინანსური შედეგებით არ ყოფილა განპირობებული. ინვესტორებმა ეჭვქვეშ დააყენეს ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც AI-ით გამოწვეული ბუმი განაპირობა: სწრაფად მზარდი მოთხოვნა და სამხრეთ კორეის ტექნოლოგიური ლიდერობა. ინვესტორები დაფიქრდნენ, თუ რამდენად შეეძლო ამ ფაქტორებს კვლავ გაემართლებინა კომპანიების უკიდურესად მაღალი საბაზრო შეფასებები.

ასევე ცხადად ჩანს, თუ რამდენად ცენტრალური ადგილი უჭირავს ნახევარგამტარების სექტორს სამხრეთ კორეის ეკონომიკაში. 2024 წელს ჩიპების წარმოება ქვეყნის უმსხვილესი სამრეწველო დარგი გახდა და მთლიანი გადამამუშავებელი მრეწველობის ჯამური მაჩვენებლის 10%-ზე მეტი შეადგინა, რითაც ფოლადის წარმოებას (8.7%) და ნავთობგადამუშავებას (8.5%) გადაასწრო. 2026 წლის ივნისისთვის ნახევარგამტარების ექსპორტმა 44.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 199.5%-იან ზრდას ნიშნავს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 43.8%-ს შეადგენს.

იგივე კონცენტრაცია აისახა საფონდო ბაზარზეც. Samsung Electronics-ისა და SK Hynix-ის ერთობლივი წილი KOSPI-ის თითქმის ნახევარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ორი კომპანიის პერფორმანსის ცვლილება უკვე მთელი ინდექსის მიმართულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, AI-ის ბუმმა თან გააძლიერა სამხრეთ კორეის ეკონომიკა და ამავრდოულად, რისკებიც ერთ ინდუსტრიაში მეტად კონცენტრირებული გახადა.

ეს რისკები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური კომპანიები შიდა ღრმა ულტრაიისფერი (DUV) ლითოგრაფიის ტექნოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვან პროგრესს აღწევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი კვლავ ჩამორჩება მსოფლიო ლიდერებს თანამედროვე ნახევარგამტარული მოწყობილობების წარმოების სფეროში, ინვესტორებმა ეს განვითარება აღიქვეს, როგორც ნიშანი იმისა, რომ ჩინურ კომპანიებს მომავალში უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირება და გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდა შეეძლებათ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Samsung Electronics-ის აქციები 13.4%-ით, ხოლო SK Hynix-ის აქციები 14%-ით დაეცა.

ინვესტორთა რეაგირება კიდევ უფრო მკვეთრი გახდა, როდესაც ბეიჯინგმა თავისი გრძელვადიანი ინდუსტრიული სტრატეგიის განხორციელება დაიწყო. ჩინეთმა ხელოვნურ ინტელექტში დაახლოებით 295 მილიარდი დოლარის ინვესტირების გეგმა წარადგინა და დააწესა მოთხოვნა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიის მინიმუმ 80% ადგილობრივი მწარმოებლების, მათ შორის Huawei-ის მიერ უნდა იყოს მიწოდებული. ამ გადაწყვეტილებამ ინვესტორების ხედვა მნიშვნელოვნად შეცვალა. AI-ის ბუმის პერიოდში ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდა თითქმის ავტომატურად სამხრეთ კორეული ნახევარგამტარების მოთხოვნის ზრდასაც ნიშნავდა. დღეს კი ინვესტორები უკვე სრულიად სხვა კითხვას სვამენ: რომელი ქვეყნის ეკონომიკა ნახავს ყველაზე დიდ სარგებელს გაზრდილი მოთხოვნის გარემოებაში?

განწყობის ცვლილება მალევე აისახა აზიის სხვა ბაზრებზეც. იაპონური Kioxia Holdings-ის აქციები 18%-ით, ხოლო ტაივანური MediaTek-ის აქციები 9%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ინვესტორები არა მხოლოდ სამხრეით კორეის სპეციფიკურ პრობლემაზე რეაგირებენ, არამედ იცვლიან შეხედულებას მთელი რეგიონის ნახევარგამტარების სექტორის შეფასებაზე. თუმცა, ყველაზე მკვეთრი კორექცია მაინც სამხრეთ კორეამ განიცადა, რადგან მისი საფონდო ბაზარი განსაკუთრებულად იყო კონცენტრირებული ნახევარგამტარების კომპანიებზე.

ინვესტორთა განწყობის ცვლილება განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც SK Hynix-მა რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. საოპერაციო მოგება წლიურ ჭრილში 557%-ით გაიზარდა და 60.5 ტრილიონ კორეულ ვონს მიაღწია, ხოლო შემოსავალი 257%-ით გაიზარდა და 79.3 ტრილიონი კორეული ვონი შეადგინა. მიუხედავად ასეთი ძლიერი შედეგებისა, კომპანიის აქციები დაახლოებით 50%-ით გაუფასურდა უკანასკნელი ხუთი კვირის განმავლობაში, რადგან გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ინვესტორების უკვე ძალიან მაღალი მოლოდინების გადაჭარბება ვერ შეძლო. ინვესტორები უკვე მხოლოდ მიმდინარე ფინანსურ შედეგებს აღარ აფასებენ, არამედ უფრო მეტ ყურადღებას კომპანიების გრძელვადიან პერსპექტივას აქცევენ.

კორექციის მასშტაბები კიდევ უფრო გააძლიერა კომპანიების მაღალმა საბაზრო შეფასებებმა. Samsung Electronics და SK Hynix დაახლოებით 18x-24x ღირებულებისა და შემოსავლების (P/E) კოეფიციენტით ივაჭრებოდნენ, რაც მდგრადი და სწრაფი ზრდის მოლოდინს ასახავდა. როდესაც მოლოდინები ასეთ დონეზეა, ფასები მეტად სენსიტიურია კონკურენციის, წარმოების სიმძლავრეების ან გეოპოლიტიკური გარემოს თუნდაც მცირედი ცვლილებისთვის.

სამხრეთ კორეის ფინანსური ბაზრის სტრუქტურამაც ვარდნა კიდევ უფრო გააძლიერა. AI-ის ბუმის პერიოდში საცალო ინვესტორები სულ უფრო აქტიურად იყენებდნენ ლევერიჯირებულ პროდუქტებს ნახევარგამტარების კომპანიებში პოზიციების გასაზრდელად. როდესაც აქციების ფასებმა კლება დაიწყო, სწორედ ამ ინსტრუმენტებმა დააჩქარეს გაყიდვების ტალღა. ამის საპასუხოდ, მარეგულირებლებმა ლევერიჯირებულ ETF-ებზე ახალი შეზღუდვები დააწესეს, მაგალითად, ერთ ინვესტორზე საერთო ინვესტიციის 20%-იანი ზედა ზღვრის შემოღება.

ამ მოვლენების მნიშვნელობა მხოლოდ საფონდო ბაზრით არ შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების ექსპორტი სწრაფად იზრდება, შიდა მოხმარება, სამშენებლო სექტორი და შრომის ბაზრის გარკვეული სეგმენტები შედარებით სუსტად ვითარდება. AI-ის ბუმმა ნახევარგამტარების ინდუსტრიას საშუალება მისცა, ეკონომიკის სხვა სექტორების სისუსტე დაებალანსებინა, თუმცა ამავე დროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მეტად ერთ ინდუსტრიაზე დამოკიდებული გახადა. შესაბამისად, სამხრეთ კორეის ეკონომიკის ბოლო პერიოდის მდგრადობა უფრო მეტად ერთი სექტორის გამორჩეულ შედეგებს ასახავს, ვიდრე ეკონომიკის ფართომასშტაბიან გაძლიერებას.

იგივე დისბალანსი სამხრეთ კორეის ეროვნული ვალუტის, ვონის დინამიკაშიც გამოჩნდა. მიუხედავად ნახევარგამტარების რეკორდული ექსპორტისა, ბაზრის კორექციის პერიოდში ვონი აშშ დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რადგან უცხოელმა ინვესტორებმა კორეული აქციები გაყიდეს, ხოლო ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა საზღვარგარეთული აქტივების შეძენა გააგრძელეს. შედეგად, ძლიერი საექსპორტო შემოსავლები კაპიტალის გადინებამ ნაწილობრივ გაანეიტრალა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას არა მხოლოდ სავაჭრო ნაკადები, არამედ ფინანსური კაპიტალის მოძრაობაც ახდენს.

ეს გარემოება სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკისთვის რთულ მონეტარულ დილემას ქმნის. სუსტი ვონი ექსპორტიორებს ხელს უწყობს, რადგან უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლების ადგილობრივ ვალუტაში ღირებულებას ზრდის. თუმცა, ამავე დროს, ის ზრდის იმპორტირებული საქონლის ფასებს, აძლიერებს ინფლაციურ ზეწოლას და ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას. საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რომელიც შიდა მოთხოვნის გასაძლიერებლად შეიძლება საჭირო გახდეს, შესაძლოა კაპიტალის კიდევ უფრო დიდი გადინების მიზეზი გახდეს და ვალუტაზე დამატებითი ზეწოლა მოახდინოს, რითაც ცენტრალური ბანკის მოქმედების შესაძლებლობა შეიზღუდოს.

სამხრეთ კორეა ასევე მზარდი ტექნოლოგიური კონკურენციის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ვითარდება. SK Hynix-ის DRAM-ისა და NAND-ის წარმოების დაახლოებით 30-40%, ხოლო Samsung-ის NAND-ის წარმოების დაახლოებით ერთი მესამედი ჩინეთში ხდება. თუმცა, ეს საწარმოები ამერიკულ ნახევარგამტარულ მოწყობილობებზე და ექსპორტის ლიცენზიებზე არიან დამოკიდებული. შედეგად, ინდუსტრიის მომავალი მხოლოდ AI ჩიპებზე მოთხოვნით აღარ განისაზღვრება, მასზე მნიშვნელოვან გავლენას ვაშინგტონსა და პეკინში მიღებული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებიც ახდენს.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, რისკები მხოლოდ კომპანიების ფინანსური შედეგებით არ შემოიფარგლება. მაშინაც კი, თუ ხელოვნურ ინტელექტზე გლობალური მოთხოვნა კვლავ გაიზრდება, ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვები, სავაჭრო დაპირისპირები ან მოწინავე ნახევარგამტარული ტექნოლოგიების მიმართ ახალი რეგულაციები შეიძლება წარმოებას, საინვესტიციო გეგმებსა და სამომავლო მომგებიანობას მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი. საპირწონედ, უფრო სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ შეიძლება ინვესტორთა ნდობა გააძლიეროს მაშინაც კი, თუ კომპანიების მიმდინარე ფინანსური შედეგები არსებითად არ შეიცვლება.

ამგვარად, ბოლო პერიოდის კორექცია სამხრეთ კორეაში ხელოვნური ინტელექტის ბუმის დასრულებას არ ნიშნავს. იგი უფრო იმ ეტაპის დასრულებას ასახავს, როდესაც ბაზარზე თითქმის უპირობო ოპტიმიზმი სუფევდა. ხელოვნური ინტელექტი კვლავაც რჩება მოწინავე მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად. თუმცა, ინვესტორები დღეს ამ შესაძლებლობას უკვე მზარდ კონკურენციასთან, გეოპოლიტიკურ გაურკვევლობასთან და ეკონომიკის ერთ სექტორზე დამოკიდებულებით წარმოქმნილ რისკებთან ერთად აფასებენ. სამხრეთ კორეა კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნახევარგამტარების მწარმოებლად რჩება, თუმცა მისი მომდევნო ეტაპის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ტექნოლოგიური ლიდერობის შენარჩუნებაზე, არამედ უფრო დივერსიფიცირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაზეც, რომელიც ერთი ინდუსტრიის ცვლილებების მიმართ ნაკლებად მოწყვლადი იქნება.

ავტორი - დავით დოლიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები