სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung Electronics-მა მეორე კვარტალის წინასწარი ფინანსური შედეგები წარადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და 171 ტრილიონი ვონი ($112.77 მლრდ) შეადგინა. რაც შეეხება საოპერაციო მოგებას, ის რეკორდულად, 19-ჯერ გაიზარდა და 89.4 ტრილიონ ვონს ($58.4 მლრდ.) მიაღწია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეკორდული ფინანსური მაჩვენებლების მიუხედავად ინვესტორების განწყობა მაინც გაუარესდა, რადგან, ანალიტიკოსების შეფასებით, აქციების ფასში ეს რეკორდული მაჩვენებლები თვეების განმავლობაში უკვე ასახული იყო. eToro-ს წარმომადგენლების განმარტებით, ფინანსური შედეგების ოფიციალურმა დადასტურებამ ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმული ვერ შექმნა. ამასთან, ბაზარზე შეშფოთებას ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯებიც იწვევს. არსებობს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით ხარჯების ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს - ამან კი, შესაძლოა, პირდაპირი გავლენა იქონიოს მეხსიერების ბარათების ფასებზე.
წინასწარი ფინანსური შედეგების გამოქვეყნების ფონზე, Samsung Electronics-ის აქციები ბირჟაზე თითქმის 7%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $195 დოლარად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $1,282 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, Samsung Electronics-ი სამხრეთ კორეაში დაფუძნებული უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა. გლობალურ ბაზარზე ის მეხსიერების ჩიპებისა და სმარტფონების წარმოების მიმართულებით ოპერირებს.




























