დღეს დილით მსოფლიოს ყურადღება ჩინეთის დედაქალაქმა, პეკინმა მიიპყრო, სადაც მეორე მსოფლიო ომში იმპერიული იაპონიის დამარცხების 80 წლის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა.
ტიანმენის მოედანზე მოწყობილ ღონისძიებაში 15,000-ზე მეტმა ჯარისკაცმა, ასევე ასობით ტანკმა, საარტილერიო ტექნიკამ და სამხედრო ავიაციამ მიიღო მონაწილეობა. აღლუმზე წარმოდგენილ ჩინურ ჯარს ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა სამხედრო ჟესტით ჩამოუარა და მოგვიანებით მათ სიტყვითაც მიმართა.
ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მონაკვეთი 80,000 მტრედის გაშვება იყო, როგორც სიმბოლო ჩინეთის მშვიდობისადმი ერთგულებისა. თუმცა, თუ სი ძინ პინთან ერთად პრეზიდიუმში მსხდარ მსოფლიო ლიდერებს გადავხედავთ, მათი სახეები, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სწორედ მშვიდობას მოგვაგონებს.
ტიანმენის მოედანზე გამართულ აღლუმს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი, კიმ ჩენ ინი, ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი და სხვა 23 ქვეყნის მმართველები დაესწრნენ. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ გუშინ წინ, ტიანძინში მყოფი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რუსი კოლეგისაგან განსხვავებით, ღონისძიებაზე დასასწრებად არ დარჩა.
არადა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 25-ე სამიტის მთავარი მიზანი სამი აზიური გიგანტის ერთიანობის წარმოჩენა იყო. კავკასიის რეგიონს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი წარმოადგენდნენ. ევროკავშირის წევრებს შორის კი ერთადერთი, ვინც ჩინეთში ჩავიდა, სლოვაკეთის მმართველი, რობერტ ფიცო იყო.
ღონისძიების საიუბილეო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა არამარტო მოწვეული 26 სახელმწიფოს ლიდერი, არამედ მთელი მსოფლიო შთაბეჭდილების ქვეშ მოექცია. აღლუმი სამხედრო დრონებისა და უპილოტო წყალქვეშა სადაზვერვო ტრანსპორტის წარდგენით დაიწყო, რასაც მალევე ახლო და საშუალო რადიუსზე მოქმედი ჰიპერბგერითი რაკეტების წარდგენა მოჰყვა. ამის შემდეგ მოედანზე ჩინეთის გლობალური გავლენის გარანტი, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, DF-41-ი ვიხილეთ. საუბარია იარაღზე, რომელიც ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი და უმოკლეს დროში შეუძლია კონტინენტურ ამერიკამდე მიღწევა. სარაკეტო შესაძლებლობების დემონსტრირებას მოჰყვა იმ ტანკებისა და ავიაციის წარდგენა, რომლებიც ამერიკულ ანალოგებს ტოლს არ უდებენ. აღლუმზე გაიარეს Type-99A-ს ტიპის ტანკებმა, რომლებსაც M1A2 Abrams-ებს ხშირად ადარებენ. ასევე ვიხილეთ J-20 გამანადგურებლები, რომელთა შესაძლებლობაც ამერიკული ავიაციის სიამაყე F22 და F35 ბომბდამშენებს არ ჩამოუვარდება. ჯამურად, ავიაშოუში 200-ზე მეტმა ხომალდმა მიიღო მონაწილეობა.
აღლუმის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს, ჩინურ არმიას, ასევე მილიარდზე მეტ თანამოქალაქესა და, ცხადია, მსოფლიოს ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა, სი ძინ პინმა მიმართა. სიტყვით გამოსვლა მან არსებულ საერთაშორისო კონფლიქტებზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ მსოფლიო ახლა ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის წინაშე დგას. მისი თქმით, თუ ქვეყნები დაპირისპირების გზას აირჩევენ, ამით მოგებული არავინ დარჩება. სი ძინ პინი თვლის, რომ ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეს დგას და აცხადებს, რომ არცერთ გარე ძალას არ მისცემს უფლებას, ქვეყანას დასახული კურსიდან გადაახვევინოს. ცხადია, მისი სიტყვები, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის მთავარ მეტოქესა და კონკურენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიემართებოდა.
ვიდრე განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებაზე საუბარს დავასრულებდეთ, კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, სამხედრო აღლუმს, ისტორიაში პირველად, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი, კიმ ჩენ ინი დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს პირისპირ შეხვდა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. ამასთან, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა რუსეთ-უკრაინის ომში პუტინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მოკლედ, იმპერიული იაპონიის დამარცხებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმით ჩინეთში 4-დღიანი დიპლომატიური ღონისძიებების სერია დასრულდა. ბოლო დღეებში ქვეყანამ მსოფლიოს ყურადღება არამარტო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების წარმოჩენით, არამედ არნახული მასშტაბის სამიტის გამართვითაც მიიქცია. ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალური ნაბიჯებით არსებული მსოფლიოს წესრიგის გადალაგებას ცდილობს, ჩინეთი ქვეყნებს სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმას სთავაზობს. თუმცა რა დგას რეალურად აზიური ზესახელმწიფოს ნაბიჯების მიღმა, ამაზე პასუხს მაყურებელს მივანდობ.




























