ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციები გრძელდება. გასულ ღამეს ოფიციალური თეირანის სახელმწიფო ტელევიზიამ უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაციის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ირკვევა, ის საკუთარ სამუშაო კაბინეტში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა. "ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი იყო და მისი სიკვდილი ირანელი ხალხისთვის ქვეყნის დაბრუნების ყველაზე დიდი შანსია" - განაცხადა საკუთარ სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ხამენეის სიკვდილის შესახებ მედიაში საათებით ადრე გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
რაც შეეხება სულიერი ლიდერის მემკვიდრეს, მას, კონსტიტუციის თანახმად, ექსპერტთა ასამბლეა აირჩევს. მაღალია ალბათობა, რომ ეს დღეს მოხდება, რადგან მემკვიდრე ორგანოს ვალდებულება აქვს, ახალი აიათოლა უსწრაფეს დროში დანიშნოს. შეხსენებისთვის, 1989 წელს, რუჰოლა ხომენეის სიკვდილის შემდეგ, იმავე დღეს სწორედ ამ ორგანომ გამოაცხადა ალი ხამენეი ირანის ისლამური რესპუბლიკის მე-2 უმაღლეს მმართველად. ძალაუფლების ვაკუუმის თავიდან ასაცილებლად, გარდამავალ პერიოდში უზენაესი ლიდერის უფლებამოსილებებს ქვეყნის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მცველთა საბჭოს გავლენიანი სასულიერო პირი გაინაწილებენ.
აიათოლას ლიკვიდაციას ირანში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი პანიკაშია, არამარტო სამხედრო მოქმედებების გაგრძელების, არამედ იმის გამოც, რომ შესაძლოა რეჟიმმა შური სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე იძიოს. თუმცა, ამავდროულად, სოც.ქსელებში გავრცელდა ირანის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობის მიერ ხამენეის სიკდვდილის საზეიმოდ აღნიშვნის კადრები.
ალი ხამენეის სიკვდილის მიუხედავად, მოკავშირეები ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ აჩერებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს, რომელთა მიზანიც თეირანის ბალისტიკური და საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემების განადგურებაა. გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ კონფლიქტის პირველ დღეს ისრაელმა არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო კამპანია ჩაატარა - გამოიყენა 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი და დაბომბა 500-ზე მეტი ობიექტი. ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარისა და CBS News-ის მონაცემებით, იერიშებს 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 40 ირანელი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა. ირანული მედიის ცნობით, უზენაესი ლიდერის ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულთა შორისაა რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური და უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი ალი შამხანი.
თავის მხრივ, ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ უმკაცრესი შურისძიება დააანონსა და ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზებსა და ისრაელის მოკავშირეებზე საპასუხო იერიშები დაიწყო. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები დუბაის, დოჰას, ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებით განახორციელეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ადამიანი დაშავდა. პარალელურად, აბუ-დაბიში, ზაიედის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ერთი აზიელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაშავდა შვიდი. დუბაიში კი მძლავრი აფეთქებების ხმა კვლავ ისმის. ირანული შაჰიდები, უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები მოხვდა როგორც ელიტარულ ტურისტულ უბნებს, ისე სახელგანთქმულ Burj Al Arab-ს. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მცურავ ნავთობტანკერებს გუშაგთა კორპუსმა დაუგზავნა მკაცრი გამაფრხილებელი შეტყობინება შემდეგი შინაარსით - “არცერთ ხომალდს არ აქვს სრუტეში გავლის უფლება".
ზარდი ესკალაციის ფონზე, დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მოქალაქეებისა და რეგიონული პარტნიორების დასაცავად თავდაცვით ოპერაციებში უშუალოდ ჩაერთო. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კოორდინირებულ სამხედრო ქმედებებში მონაწილეობა უკვე დაადასტურა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ ბინაში შედგა უშიშროების საბჭოს სხდომა. წამყვანმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და სხვებმა შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო იერიშების განიხილეს. გაეროს გენ.მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საომაქი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და დეესკალაცია მოითხოვა. პარალელურად, ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საგანგებო შეხვედრის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დასავლური მტკიცებულებები კიდევ ერთხელ უარყო. თავის მხრივ.




























