ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერებმა ხუთშაბათს თავი ბრიუსელში, საგანგებო შეხვედრაზე მოიყარეს. მათი საუბრის ძირითადი თემა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან გრენლანდიის მიერთებასთან დაკავშირებული ინიციატივა და ტარიფების მუქარა იყო.
ლიდერებმა დადებითად შეაფასეს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, უარი თქვას “მწვანე კუნძულის” სამხედრო ძალით დაკავებაზე და მიესალმნენ NATO-ს ხელმძღვანელ მარკ რუტესა და შტატების პრეზიდენტს შორის გრენლანდიის საკითხზე ჩარჩო შეთანხმების მიღწევას, რომელიც გრენლანდიის ანექსიას გამორიცხავს.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი ევროპარლამენტში აღადგინონ და ბოლომდე მიიყვანონ.
თუმცა ლიდერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ტრამპის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გრენლანდიასა და დანიის შესახებ, ასევე ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად შეცვალა მათი შეხედულება ოფიციალურ ვაშინგტონთან თანამშრომლობის მხრივ. კერძოდ, ევროკავშირი აშშ-ს კვლავ მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევს, თუმცა ყურადღებას წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილებს, რათა ევროპულმა გაერთიანებამ მსგავსი კრიზისებისადმი უკეთ გამკლავება მოახერხოს.




























