სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კომპანია LG-მა სმარტფონების წარმოების შეწყვეტის შესახებ გუშინ ოფიციალურად განაცხადა.
ანალიტიკური პლატფორმა Statisa წერს, რომ კომპანიამ გასულ წელს 24.7 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც გლობალური სმარტფონების წარმოების ბაზრის მხოლოდ 1.9 პროცენტს შეადგენს. 2015 წელს კომპანია სმარტფონების გლობალური ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა და რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა. LG-ის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ინოვაციურობისა და კონკურენტუნარიანობის დაკარგვა აღმოჩნდა.
2020 წლის ბოლოს, კორეულმა კომპანიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სმარტფონების წარმოება LG-სთვის წამგებიანი იყო.
რაც შეეხება იმას თუ როგორ ცვლის ბაზარს LG-ის მიერ სმარტფონების წარმოების შეწყვეტა, 2020 წლის მონაცემებით კომპანია გლობალური სმარტფონების ბაზრის კონტროლის თვალსაზრისით სმარტფონების მწარმოებელი 10 კომპანიიდან მე-9 ადგილს იკავებდა.
Statisa-ს მიხედვით, სმარტფონების გლობალური ბაზრის ყველაზე დიდი წილი Samsung-ს უკავია - 19.2%, მეორე ადგილზეა Apple-ია - 15.1%, ხოლო მესამეზე - Huawei – 14.1%.
სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალი გლობალური ბაზრის ფლობის მიხედვით, შემდეგია:
1. Samsung – 19.2%
2. Apple – 15.1%
3. Huawei – 14.1%
4. Xiaomi – 10.9%
5. OPPO - 8.4%
6. Vivo – 8.1%
7. Realme – 3.2%
8. Lenovo – 1.9%
9. LG – 1.9%
10. Tecno – 1.7%