კენ გრიფინი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და ჰეჯ-ფონდ Citadel Securities-ის დამფუძნებელია, რომელსაც უოლ-სტრიტზე საკვანძო როლი აქვს. უდიდესი მიღწევების და საბაზრო ცოდნის მიუხედავად, გრიფინი საკმაოდ ტრადიციული ფილოსოფიის მქონე ინვესტორად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც თავის რჩევებს ასეთი ფორმულებით გვიზიარებს:
გრიფინის საინვესტიციო ფილოსოფია ეფუძნება არა აბსტრაქტულ ფორმულებს, არამედ მკაფიო საინვესტიციო ჰორიზონტსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს. მისი მიდგომა იწყება იმ ფუნდამენტური პრინციპით, რომ პორტფელის სტრუქტურა პირდაპირ კავშირშია ინვესტორის ასაკთან და მის საბოლოო მიზნებთან. გრიფინი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც წინ ათწლეულები აქვს, საუკეთესო გზა აქციების ბაზარზე, გლობალურ ინდექსებში ფულის ჩადებაა.
გრიფინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი დღეს შეიძლება ზედმეტად გაჯერებული ან „გადახურებული“ ჩანდეს, გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი მაინც კომპანიების აქციებში რჩება, რაც ახალგაზრდა ინვესტორს საშუალებას აძლევს, დროთა განმავლობაში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
სულ სხვაგვარია მისი ხედვა მათთვის, ვინც უკვე საპენსიო ასაკს უახლოვდება. ამ შემთხვევაში გრიფინი ყურადღებას დაცვით მექანიზმებზე ამახვილებს და ხაზს უსვამს ინფლაციისა და ბირჟის ვარდნის რისკებს. ასეთი ინვესტორებისთვის ის უპირატესობას ანიჭებს ისეთ აქტივებს, როგორიცაა: ინფლაციისგან დაცული სახელმწიფო ობლიგაციები, კომერციული უძრავი ქონება და სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც კაპიტალის მსყიდველობით უნარს სტაბილურად ინარჩუნებენ.
მისი აზრით, როდესაც საინვესტიციო ჰორიზონტი მოკლეა, მთავარი ამოცანა არა აგრესიული ზრდა, არამედ დაგროვილი კაპიტალის დაცვაა.
პირადად საკუთარი კაპიტალის მართვისას, კენ გრიფინი Citadel-ის ანალიტიკას ეყრდნობა. მისი სტრატეგია მოიცავს კაპიტალის განთავსებას სხვადასხვა ალტერნატიულ სფეროებში, დაწყებული ენერგეტიკული ბაზრებიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური სექტორებით. მიუხედავად იმისა, რომ კენ გრიფინს წვდომა პრაქტიკულად ყველა საინვესტიციო ინსტრუმენტთან და ბაზართან აქვს, რომელიც პლანეტაზეა წარმოდგენილი, ის უპირატესობას მაინც აშშ-ის ბაზარს და უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს ანიჭებს, რომელთაც ზრდის, გაფართოების და კაპიტალის მოზიდვის უპრეცედენტო მასშტაბები აქვთ.
გრიფინი თვლის, რომ კაპიტალის წარმატებული დაბანდება შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირებადობის გარეშე, ამიტომ სტაბილური ეკონომიკური გარემო, დემოკრატიული სისტემა და კანონის უზენაესობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საშუალო სტატისტიკური ინვესტორისთვის ინდექს ფონდებში პასიური, პერიოდული დაბანდების სტრატეგია ისევ უალტერნატივოდ რჩება.




























