მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ დაინგრა $300-მილიარდიანი თაღლითური პირამიდა?

პირამიდა

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური ფინანსური პირამიდა, რომელმაც ჩინეთის ეკონომიკური საძირკველი შეარყია, ჩამოიშალა. საკითხი China Evergrande Group-ს უკავშირდება, რომელიც, ერთ დროს, უძრავი ქონების გიგანტი იყო, თუმცა დღეს ის ეკონომიკური კოლაფსის სინონიმია.

კომპანიის 67 წლის დამფუძნებელმა, ჰუი კა იანმა, ფინანსური თაღლითობისა და ქრთამის აღების დანაშაული ოფიციალურად აღიარა, რითაც წერტილი დაესვა მრავალწლიან გამოძიებას, რომელიც ამ პირამიდის არქიტექტორის წინააღმდეგ მიმდინარეობა. აღნიშნული კოლაფსი მხოლოდ ერთი ბიზნესის წარუმატებლობა არ არის; ეს იმ ეპოქის დასასრულია, როდესაც უძრავი ქონების სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედს შეადგენდა და ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლებოდა.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ამ გაკოტრებული კომპანიის დავალიანება $300 მილიარდს დოლარს აჭარბებს, რაც მასშტაბით ფინეთის ეკონომიკის ტოლფასია. გამოძიების თანახმად, China Evergrande Group-ი წლების განმავლობაში ყალბ ანგარიშგებებს ამზადებდა და აგრესიულ სესხებზე დაფუძნებულ „ბანქოს სახლს“ აშენებდა, რომელიც პირამიდული პრინციპით, ანუ მომხმარებლების მოზიდვით, დამატებითი სესხის აღებით და ცრუ დაპირებებით იზრდებოდა.

ამ სქემის ფარგლებში კომპანია ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. მიღებულ სახსრებს Evergrande Group-ი არა მიმდინარე პროექტების დასასრულებლად, არამედ ახალი მიწების შესაძენად და ძველი ვალების დასაფარად იყენებდა. 2024 წლის გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიის ძირითადმა ქვედანაყოფმა 2019-2020 წლებში შემოსავლები ხელოვნურად $78 მილიარდით გაზარდა, რაც ანგარიშგებების გაყალბებით შეძლეს. როგორც ირკვევა, ჰუი კა იანი, რომელიც 2017 წელს აზიის უმდიდრესი ადამიანი იყო, პოლიტიკური კავშირებითაც სარგებლობდა, თუმცა ჩინეთის მთავრობის მიერ შემოღებულმა მკაცრმა რეგულაციებმა და პირამიდის გამოაშკარავებამ ეს სისტემა დაანგრია.

Evergrande-ის დამფუძნებლის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და იგი ჩინური მართლმსაჯულების უმკაცრესი ზომებით დაისჯება. სამწლიანი იზოლაციისა და პატიმრობის შემდეგ გაკეთებული აღიარების მიუხედავად, რომ ჰუი კა იანს, სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ელის. ცხადია, მის გარემოცვას ფინანსურ ბაზრებზე საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა და ასეულობით მილიონი დოლარის პირადი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კომპანიის მენეჯმენტის ასამდე წევრი.

მისი პირადი ქონება, რომელიც $45 მილიარდიდან ფაქტობრივად ნულამდე შემცირდა, კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სრულად დაყადაღებულია.

ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური პეკინისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა სხვა ოლიგარქებისთვის გაფრთხილებასა და კორუფციასთან ბრძოლის დემონსტრირებას ისახავს მიზნად, რათა მსგავსი რამ სხვამ არასოდეს გაიმეოროს. თანაც, ამ კომპანიამ ნდობა თავად ქვეყნის მიმართაც შეარყია. სწორედ ჰუი კაი იანის თაღლითური სქემის გამო, ბოლო 3-4 წელიწადია, რაც საერთაშორისო ინვესტორები ჩინეთის უძრავი ქონების სექტორს ახლოსაც არ ეკარებიან და ამ რეპუტაციული ზიანის გამოსწორებას კიდევ მრავალი წელიწადი დასჭირდება.

ამჟამად China Evergrande Group-ი ლიკვიდაციის პროცესშია, რაც აქტივების ეტაპობრივ გაყიდვას გულისხმობს. აღნიშნული პროცესი იმ კოლოსალური დანაკარგის მხოლოდ მცირე ნაწილს აანაზღაურებს, რომელიც ინვესტორებმა და მილიონობით ჩინელმა ოჯახმა განიცადა. ლიკვიდაციის მიუხედავად, უცნობია, თუ რა ბედი ეწევა ასობით დაუსრულებელ პროექტს, ათასობით აუშენებელ ბინას და მილიონობით დაზარალებულ მოქალაქეს, რომლებმაც თავიანთი დანაზოგები ამ კომპანიას ანდვეს.

გულწრფელები თუ ვიქნებით, კომპანიის ნგრევა იმ ეკონომიკური მოდელის კრახია, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ ვალსა და გადამეტებულ მოლოდინებზე იყო დაფუძნებული. ყოველთვის, როცა ვალის მოცულობა რეალურ შემოსავლებს სცილდება, რისკები იზრდება, Evergrande-მა კი ვალის მოცულობით პლანეტის ისტორიაში ყველა სამშენებლო კომპანიას გადააჭარბა, რაც, ბოლოს, ძვირად ჩინეთის მოსახლეობას დაუჯდა.

ცნობისთვის, Evergrande Group-ის კრიზისი 2021 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ობლიგაციებზე დეფოლტი გამოაცხადა. აღნიშნულმა მოვლენამ ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და არაერთი სხვა დეველოპერი, სამშენებლო, ფინანსური და საბანკო კომპანია გააკოტრა.

საინტერესოა, რომ Evergrande-ის დამფუძნებელმა მთელ ამ პროცესში ერთი ისტორიული მნიშვნელობის ანტირეკორდიც დაამყარა – ის პლანეტის ყველაზე მასშტაბური პირამიდის ავტორად და თაღლითური ქსელის შემოქმედად იქნა აღიარებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები