მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაიპყრო TEMU-მ გლობალური ბაზარი და რატომ ვერავინ აჩერებს მას?

temu

ბოლო პერიოდის განმავლობაში გლობალური ელექტრონული კომერციის ლანდშაფტი რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე მომხმარებლები იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქციის ძიებისას ავტომატურად Amazon-ს ან AliExpress-ს მიმართავდნენ, დღეს სმარტფონების ეკრანებზე ერთი ნარინჯისფერი აპლიკაცია დომინირებს, რომელიც „თიმუს“ ან „ტემუს“ სახელით არის ცნობილი. Temu-მ, რომელიც ბაზარზე თითქოს არსაიდან გამოჩნდა, მოახერხა ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა, კერძოდ, უმოკლეს დროში ის ისეთ გლობალურ ფენომენად გადაიქცა, რომ დასავლური რითეილ-გიგანტები საგონებელში ჩააგდო და ზოგიერთი მათგანი გააკოტრა კიდეც.

მისი სლოგანი „იშოპინგე მილიარდერივით“ მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი არ არის, ეს ახალი ეკონომიკური მოდელის დეკლარაციაა, რომელიც უკიდურესად სწრაფად ცვლად ტენდენციებზე და დაუჯერებლად დაბალ ფასებზეა დამყარებული.

Temu-ს წარმატების საფუძველი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი PDD Holdings-ია, რომლის დამფუძნებელიცაა მილიარდერი კოლინ ჰუანგი. ჰუანგმა მანამდე ჩინეთში Pinduoduo-ს მეშვეობით მოახდინა რევოლუცია, რომელიც შემდგომ ამ გლობალური აპლიკაციის ფუნდამენტად იქცა.

კოლინ ჰუანგმა შექმნა სისტემა, სადაც ჩინელი მწარმოებლები პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე, უკავშირდებიან დასავლელ მომხმარებელს. მარტივად რომ ვთქვათ, Temu არის გიგანტური ლოგისტიკური ხიდი, რომელიც გამორიცხავს დისტრიბუტორებს, საწყობებსა და სავაჭრო ცენტრებს, რაც საბოლოო ფასს წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულამდე აგდებს.

პლატფორმის მთავარი უპირატესობა სწორედ ფასწარმოქმნის აგრესიულ სტრატეგიას და მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე მანიპულირებას უკავშირდება. Temu აგრესიულად იყენებს ე.წ. გეიმიფიკაციის ელემენტებს, მაგალითად: იღბლიანი ბორბლის დატრიალება ფასდაკლებებისთვის, უფასო საჩუქრები მეგობრების მოწვევის სანაცვლოდ და მუდმივი შეტყობინებები 80%-იანი ფასდაკლების შესახებ. ეს ყველაფერი ქმნის გადაუდებლობის განცდას, რაც იმპულსური ყიდვისკენ უბიძგებს ადამიანს. გარდა ამისა, კომპანიამ უზარმაზარი რესურსი ჩადო მარკეტინგში, ამიტომაცაა, რომ Temu-ს რეკლამებს დღეს ყველგან შეხვდებით, ყველა ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.

ყველაფერთან ერთად, Temu-სთან კონკურენცია უკიდურესად რთულია, რადგან ის ისეთი მოდელით მუშაობს, რომელიც თითქმის არ ტოვებს მოგების მარჟას, ანუ კომპანია მზად არის, წლების განმავლობაში ზარალზე იმუშაოს მხოლოდ იმისთვის, რომ ბაზრის უდიდესი წილი მოიპოვოს. ამ პრაქტიკამ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად დააზარალა მცირე ადგილობრივი ბიზნესი და საშუალო ზომის კომპანიები, რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ 2-დოლარიან მაისურებსა და 5-დოლარიან ყურსასმენებს გაუწიონ კონკურენცია.

თუმცა, ამ ბრწყინვალე წარმატების მიღმა კრიტიკული შეკითხვებიც დგას. დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად საუბრობენ Temu-ს კავშირებზე ჩინეთის მთავრობასთან. მიუხედავად იმისა, რომ PDD Holdings-მა სათავო ოფისი ირლანდიაში გადაიტანა, მისი ოპერაციული ბირთვი და მონაცემთა ბაზები ჩინეთში რჩება. არსებობს ეჭვები, რომ პლატფორმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესებს ემსახურება მონაცემთა შეგროვების და დასავლური რიტეილ კომპანიების გაკოტრების მიმართულებით. გარდა ამისა, ხშირია ბრალდებები იძულებითი შრომის გამოყენებისა და პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის შესახებ, რასაც კომპანია კატეგორიულად უარყოფს, თუმცა გამჭვირვალობის დაბალი დონე ამ ეჭვებს მხოლოდ აძლიერებს.

აქვე ჩნდება შეკითხვა თუ რატომ ვერ აჩერებენ Temu-ს? – მთავარი მიზეზი ის არის, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ძნელია აკრძალო პლატფორმა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იაფია. მომხმარებლები, რომლებიც ინფლაციით არიან შეწუხებულნი, ყოველთვის დაბალ ფასებს ირჩევენ. ამიტომაც, ტარიფების დაწესება ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური ბერკეტია, რომელსაც სახელმწიფოები ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად განიხილავენ. თუმცა, Temu-ს ლოგისტიკური ქსელი იმდენად მოქნილია, რომ ის უკვე იწყებს ადგილობრივი საწყობების გახსნას სხვადასხვა ქვეყანაში, რათა საიმპორტო ტარიფებს გვერდი აუაროს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Temu არ არის მხოლოდ მაღაზია, ეს არის გლობალური ეკონომიკური ექსპერიმენტი, რომლითაც ყველაზე დიდ, გრძელვადიან სარგებელს არა მწარმოებელი ან მომხმარებელი, არამედ PDD Holdings-ი და ჩინეთის მთავრობა იღებს, რადგან ამ პლატფორმამ სულ რაღაც 2-3 წელიწადში უკვე მოახერხა ელექტრონული კომერციის სექტორში წარმოდგენილი კომპანიების დიდი ნაწილის საიქიოში გასტუმრება.

Temu-ს ვირუსული გავრცელების ფონზე, PDD-ის საბაზრო შეფასება 153 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო კომპანიის დამფუძნებლის, კოლინ ჰუანგის ქონების მოცულობა $38 მილიარდის ფარგლებშია, რაც მას ჩინეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მოქალაქედ აქცევს. Temu-ს მომხმარებლებს რამდენად გამოუვათ მილიარდერებივით შოპინგი, ეგ არ ვიცით, თუმცა Temu-ს დამფუძნებელს ეს ნამდვილად მარტივად შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები