მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაკომპლექტდება ცესკო? - პარლამენტი პრეზიდენტის „მოტივირებულ შენიშვნებზე“ მსჯელობს

ცესკო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუკი პარლამენტი "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონპროექტი ძალაში შევა, ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიას მივიღებთ. განცხადება მსხილაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, სადაც დღეს ცესკო-ს შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელეს.

"ჩვენი არგუმენტი არის ერთადერთი ის, რომ საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობამ, გაიზიაროს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და ის შენიშვნები, რომელიც მოცემულია ვენეციის და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში, გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტმა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას. თუ პარლამენტის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მიიღეს, ეს იქნება ერთპარტიულად დაკომპლექტებული ცესკო", - განაცხადა მსხილაძემ.

რაც შეეხება ცვლილებებს, პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. ამასთან, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება - კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შეძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.

პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ “საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის 1-ელ მაისამდე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი სწორედ პრეზიდენტმა გამოაცხადოს.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება იმ მოადგილემ განახორციელოს, რომელიც პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან დაინიშნება, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ე.წ. ოპოზიციონერმა მოადგილემ ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის სჭირდება. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაძლევას და კანონპროექტის არსებული ფორმით მიღებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები