საქართველოს წყლის რესურსების თემის გაშუქება BMG-იმ ჯერ კიდევ თბილისში დაიწყო. აზიის განვითარების ბანკს მომზადებული აქვს საკმაოდ სიღრმისეული კვლევა, რომელიც კარგად სწავლობს იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც საქართველოში წყლის სექტორს გააჩნია. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სოფლის მეურნეობის, როგორც ქვეყანაში წყლის რესურსის ყველაზე მსხვილი მომხმარებლის ეფექტიანობაზე და ამ სექტორში სმარტ–ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე. თემა მილანში ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზეც გავაგრძელეთ. ამჯერად, მოკლე ინტერვიუ ჩავწერეთ იასმინ სიდიქისთან, ADB-ის სოფლის მეურნეობის, საკვების, ბუნებისა და რურალური განვითარების დირექტორთან. ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საკვების უსაფრთხოების მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ – 2030 წლამდე ბანკი 40 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ვცდილობთ, გავერკვეთ, რა ნაწილში შეიძლება ჩაეწეროს საქართველო ამ გაზრდილ დაფინანსებაში.
საქართველოში წყლის რესურსების მართვის რეფორმაა დაწყებული, თუმცა ერთი მსხვილი დონორი გამოაკლდა ამ პროცესს – USAID-ის სახით. რა როლი აქვს ამ პროცესში ADB-ის?
ADB-იმ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საქართველოში წყლის აუზებზე კლიმატის გავლენის შესწავლის თვალსაზრისით. გარკვეული პროგნოზირების შესაძლებლობაც გვაქვს, რადგან იმ რეგიონების იდენტიფიცირება უკვე დავასრულეთ, სადაც კლიმატის ცვლილებას შესაძლოა ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდეს.
როგორი სურათი იკვეთება ამ ეტაპზე?
ბათუმის მხარეს, შესაძლოა მოიმატოს წვიმებმა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მეტ წყალდიდობაში გადაიზარდოს. ვიცით, რომ საქართველოს ამ მხარეს დრენაჟის პრობლემებია. ეს ხელს უშლის სოფლის მეურნეობის დარგსაც, რადგან სადრენაჟე სისტემების გაუმართაობა მიწის ნაკვეთებს ტბორავს და შესაბამისად, გამოწვევაა ფერმერებისთვის. ADB საქართველოს სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად განიხილავს, რა ტიპის მიდგომები შეიძლება დაინერგოს, რომ სადრენაჟე სისტემები მოწესრიგდეს. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, პირიქით, ეიდიბი ცდილობს ისეთი სისტემების შემუშავებას ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს წყლის შენახვა.
ვინ არიან მთავარი სტეიქჰოლდერები ამ პროცესში ADB-ისთვის?
ამ ყველაფერს და ამას მინდა ხაზი გავუსვა ADB აკეთებს ადგილობრივ სტეიქჰოლდერებთან თანამშრომლობის გზით – იქნება ეს სამოქალაქო სექტორი თუ თავად ადგილობრივი ფერმერები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ფერმერებს და ზუსტად ვიცოდეთ წყლის მოხმარების პრაქტიკები. ყველა ქვეყანაში, სადაც ამ ტიპის მხარდაჭერას ვახორციელებთ, ჩვენ ადგილზე ვსწავლობთ სიტუაციას, ყველა საჭირო მხარეს ვესაუბრებით იმისთვის, რომ გავიგოთ, თავად ისინი კლიმატის რა ტიპის გავლენებს აკვირდებიან და რა პრობლემები აწუხებთ.
რაში შეიძლება დაეხმაროს საქართველოს ADB-ის ექსპერტიზა ამ ნაწილში?
მთავრობასთან თანამშრომლობით ვცდილობთ, დავაიდენტიფიციროთ, რა ტიპის მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება ქვეყანას. ეს მხარდაჭერა ეფუძნება შეფასებებს, სამეცნიერო მიგნებებს იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ სამუშაო, რომელსაც ერთობლივად გავწევთ, ეფექტიანი იქნება.
პრიორიტეტები გამოყოფილი გაქვთ?
რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებაა. სტრატეგიული თვალსაზრისით, ADB-ი უკვე დაეხმარა ხელისუფლებას პოლიტიკის შემუშავებაში, განსაკუთრებით, საირიგაციო მიმართულებით. აქ ორი რამ არის საყურადღებო: ინფრასტრუქტურაში ინვესტირება და შემდეგ ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, რომ მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივი დროით იყოს შესაძლებელი.
ჩვენ ვმუშაობთ ასევე ჩარჩო მიდგომაზე, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს წყლის მოხმარების ეფექტიანობა.
ამას გარდა ჩვენ ვმუშაობთ ფერმერებთან, რომ მათ უახლესი ტექნოლოგიებისადმი ნდობა გავუღრმავოთ და მათზე წვდომა გავუმარტივოთ იმისთვის, რომ მათ სწორად წარმართონ პროცესი და ზუსტად იცოდნენ, რამდენი წყალი სჭირდებათ. ხშირად ფერმერები იმაზე მეტ წყალს მოიხმარენ, ვიდრე საჭიროა. სატელიტური ტექნოლოგიებით ჩვენ შეგვიძლია ზუსტად გავზომოთ, რა რაოდენობით წყალს შეიცავს უკვე ნიადაგი, შემდეგ ეს ინფორმაცია ფერმერებს მობილურით მივაწოდოთ და მათ მიწას წყლის მხოლოდ ოპტიმალური რაოდენობა დაამატონ. შეიძლება მორწყვის დროის შუალედიც გაზარდონ.
საქართველოში წყლის ყველაზე ჭარბად მომხმარებელი სექტორი სოფლის მეურნეობაა – თქვენ ახლა ამ სექტორში სმარტ მიდგომების დანერგვას უსვამთ ხაზს, ასეა?
მიმაჩნია, რომ დღეს წარმოუდგენლად დიდი უპირატესობა გვაქვს – ეს ტექნოლოგიებია. მათი გამოყენებით, გამოწვევების შედარებით მარტივად გადაჭრაც შეიძლება. აი, მაგალითად, ბრტყელი ზედაპირი – ზოგჯერ, მიწის ნაკვეთები უსწორმასწოროა და წყალი შეიძლება ერთ ნაწილში გუბდება და სხვა ნაწილს აკლდება. დღეს უკვე გვაქვს ტექნოლოგია – ზედაპირის მოსასწორებელი ტრაქტორები. ეს ძალიან მარტივი ტექნოლოგიაა, მაგრამ ამ გზითაც არის შესაძლებელი წყლის დაზოგვა. ADB-იმ საკვების უსაფრთხოებისთვის 2030 წლამდე 40 მილიარდი დოლარის ინვესტირების შესაძლებლობა გამოაცხადა. ამასთან, მხოლოდ ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონისთვის დამატებით 3.5 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვისაც და რეგიონის ყველა ქვეყნისთვის მხარდაჭერის წარმოუდგენელი შესაძლებლობები იხსნება.
და ბოლოს, გადასახადების გაზრდის გარეშე ამ ყველაფრის მდგრადად განვითარება შესაძლებელია?
საირიგაციო წყლის ნაწილში ტარიფები სისტემური ხასიათის პრობლემაა. საყოფაცხოვრებო წყლის დაბეგვრა უფრო ადვილია, რადგან მრიცხველი აღრიცხავს და მოხმარებული წყლის ოდენობის ზუსტად განსაზღვრა უფრო ადვილია. სარწყავ წყალს რაც შეეხება, ზოგჯერ, მხოლოდ არხით მიეწოდება ნაკვეთს ეს წყალი და ამის გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. აქაც ტექნოლოგიური გზით უნდა წავიდეთ. ბევრ ქვეყანაში ვცდილობთ ამ მიდგომის დანერგვას – ეს სარწყავი წყლის მიწის ნაკვეთებამდე მილებით მიყვანაა. საქართველოსთან მიმდინარე პროექტის ფარგლებშიც, ამას ვითვალისწინებთ. ეს ქართველ ფერმერებს მეტი კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. ამ მილსადენებში წყლის მექანიკურად გადაკეტვის შესაძლებლობა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ფერმერს შეეძლება იმ რაოდენობით, თუ ინტენსივობით მოიხმაროს წყალი, რაც მას სჭირდება – შესაბამისად, დაზოგოს წყალი უფრო ხანგრძლივად მისი მოხმარებისთვის. აქ ერთი გასათვალისწინებელი მომენტი ის არის, რომ მიწას გარკვეული დახრა ესაჭიროება იმისთვის, რომ წყალმა მილსადენში იდინოს – ამიტომ ამ მიდგომის დანერგვას შესაბამისი პირობები სჭირდება. ამ შემთხვევაში ფერმერი მოხმარებული წყლის შესაბამისად კი არ გადაიხდის მოსაკრებელს, არამედ, სერვისის მიწოდებისთვის. ბევრჯერ მომისმენია, რომ ფერმერებს აკლიათ ირიგაციის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – ხარისხიანი სერვისის მიწოდება: მათ ხშირად საერთოდ არ აქვთ წყალი, ან საჭირო ინტენსივობით არ აქვთ, ან სწორ დროს არ აქვთ – როცა სისტემას ჩავარდნები არ ექნება, მაშინ ფერმერებიც უფრო მოტივირებულები იქნებიან სერვისში ფული გადაიხადონ.




























