უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია დასავლეთის მხრიდან სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა და მას საერთაშორისო კაპიტალის ბაზართან წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ცხოვრებაში მაინც გამოჩნდა მხსნელი ჩინეთის სახით, რომელმაც რუსეთს ეკონომიკური მიმართულებით სერიოზული დახმარება აღმოუჩინა.
დავიწყოთ იმით, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ჩინური ბანკების მიერ რუსეთის ფედერაციაზე გაცემული ფინანსური სახსრების მოცულობა 200%-ითაა გაზრდილი. სესხების გაოთხმაგება მარტივი მიზეზითაა განპირობებული, რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს წვდომა დასავლურ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბაზარზე არსებულ მოთხოვნას კი ჩინური ბანკები აკმაყოფილებენ.
Financial Times-ის ინფორმაციით, ჩინეთის ინდუსტრიულმა, აგრიკულტურულმა და რეკონსტრუქციის ბანკებმა რუსეთზე დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის სესხები გასცეს. გარდა ამისა, ICBC-იმ რუს კლიენტებს თითქმის $9 მილიარდი ასესხა. მსგავსი შედეგები აქვთ სხვა მსხვილ კომერციულ ბანკებსაც. მართალია, ყოველი მათგანი მონაცემებს არ ასაჯაროებს, თუმცა ბანკების მიერ რუსეთზე გაცემული თანხის სავარაუდო მოცულობა 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
საინტერესოა, რომ ამ სესხს რუსეთი არა ამერიკულ დოლარში, არამედ ჩინურ იუანში იღებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ჩინურ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის, ეს კი ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ინტერესებშია.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ენერგორესურსებს უკავშირდება. ომის დაწყებიდან დღემდე ჩინეთმა რუსეთისგან 65 მილიარდი დოლარის ღირებულების სანქცირებული ნავთობი შეიძინა, რაც 2021 წელთან შედარებით 72%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია.
დრამატულადაა გაზრდილი ბუნებრივი აირის შესყიდვებიც. ამ პერიოდში ჩინეთმა რუსეთისგან 27 მილიარდი დოლარის გაზი შეიძინა. რაც შეეხება ქვანახშირს, მისი შესყიდვები 250%-ითაა გაზრდილი და საერთო ღირებულება 16 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე ჩინეთს რუსეთისგან 150 მილიარდი დოლარის ენერგორესურსები აქვს ნაყიდი, რაც 80%-ით მეტია წინა წლებთან შედარებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩინურ კომპანიებს უკავშირდება, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მოგეხსენებათ, რუსეთს აკრძალული აქვს დასავლეთისგან მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და სერვისების მიღება, თუმცა ჩინური კომპანიები ე.წ. შუამავლის როლს აქტიურად ასრულებენ და რუსეთს შესყიდვების განხორციელებაში ეხმარებიან.
ზოგიერთი კომპანია სცდება ამ საზღვრებს და რუსეთს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს, მათ შორის ხშირად შეხვდებით: ნახევარგამტარებს, კომპიუტერულ მოწყობილობებს, ავტომობილებს, სპეცტექნიკას, დანადგარებს და ორმაგი დანიშნულების ნივთებს. ცხადია, ამ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის სანქციებით აკრძალულია, თუმცა ჩინეთი დიდი ხანია დასავლეთის სანქციებს უბრალოდ არ აღიარებს.